„მშვიდობიანი რევოლუცია“, „მშვიდობიანი დამხობა“ – ეს ტერმინები ჩვენთვის გაურკვეველია. ჩვენს ქვეყანაში მიუღებელი და დაუშვებელია რადიკალური და ძალადობრივი სცენარის განვითარება, შესაბამისად 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიქნებით,“ – ამის შესახებ განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი მათი გუნდისთვის არჩევნების დღეა.
„რაც შეეხება 4 ოქტომბერს, ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის არჩევნების დღეა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქალაქების მიხედვით მივლენ საარჩევნო ყუთებთან და გააკეთებენ არჩევანს ცვლილებისთვის, უკეთესი და განვითარებული საქართველოსთვის. ასევე იმისთვის, რომ შევცვალოთ არსებული მდგომარეობა, რომელიც „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა მოწოდებები, რომელიც იქნება ძალადობისკენ თუ სხვადასხვა რადიკალური პროცესის განვითარებისკენ – სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან მავნებლობაა და დაუშვებელია, რადგან საქართველოში რევოლუციების და დამხობების პერიოდი დასრულდა. ჩვენს ხალხს სჭირდება სიმშვიდე და ნამდვილი მშვიდობა, არა ისეთი, როგორსაც მათ „ქართული ოცნება“ სთავაზობს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.