LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

115
პატიმრობის შეფარდება

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე უწყების შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა – უწყება სამივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

მოსამართლის თქმით, ვინაიდან დაცვის მხარე დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს, გარკვეულ განმარტებას გააკეთებდა. ხუსკივაძის თქმით, საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, ასევე საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, თუ რამდენს შეადგენდა ტომოგრაფიის აპარატის რეალური ღირებულება.

ირაკლი ხუსკივაძის თქმით, თუ რატომ ამხელენ კონკრეტულ პირებს კონკრეტული ადამიანები დანაშაულში, ეს მომდევნო ეტაპზე გასარკვევია. იქამდე კი, მისივე თქმით, ჩადენილი ქმედების ხასიათით და სახელმწიფოს მიმართ მიყენებული ზარალის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არსებობდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

პროკურორ ირაკლი მარშანიას განცხადებით, დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს.

პროკურორი ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე საუბრობდა. ამასთან, მარშანიას თქმით, საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, მათ შორის, დასაკითხია ბრალდებულთა ყოფილი თანამშრომლები და მათთან კავშირში მყოფი პირები, მათზე კი დაკავებულებს შესაძლოა გავლენა მოეხდინათ.

პროკურორის თქმით, დაკავებულებს სახელმწიფო საზღვარი არაერთხელ აქვთ გადაკვეთილი, მოსალოდნელი სასჯელის შიშით კი, ვინაიდან ქმედება უალტერნატივოდ 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ისინი შესაძლოა, მიიმალონ.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ვასილ მხეიძის ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა განმარტა, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარის მიერ გაჟღერებული საფუძვლები კი აბსტრაქტულია. მან მისი დაცვის ქვეშ მყოფის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას ადვოკატი, თეონა გვაზავაც. მან სასამართლოს ხაინდრავას მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა, ამასთან აღნიშნა, რომ თუკი, სასამართლო ჩათვლიდა, რომ ეს თანხა საკმარისი არ იყო, ბრალდებულის კუთვნილი ქონება, 200 000 ლარის ღირებულებას შეადგენს და სწორედ, ამ ქონებით მოხდებოდა გირაოს უზრუნველყოფა. ასევე, ადვოკატის თქმით, სასამართლოს დამატებით სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაც შეეძლო.

ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის სიტყვებით, საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. როგორც მან აღნიშნა, მხეიძის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმეა, რომელმაც მას ხელი დაადო, რათა „საკუთარი თავი ბორკილების დადებისგან ეხსნა“.

ადვოკატმა მხეიძის მართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, ამასთან, განმარტა, რომ თუკი, სასამართლო თანხის მეტ ოდენობას ჩათვლიდა საჭიროდ, ისინი აღნიშნულის უზრუნველყოფას უძრავი ქონებით მოახდენენ. ამასთან, კაკაბაძემ დამატებით ნებისმიერი სხვა შემზღუდავი ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. წინასასამართლო სხდომა 17 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ბრალს არ აღიარებენ.

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება, რის შედეგადაც, ბრალდებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g