LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა არ შემცირდება

93

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

უწყების განცხადებით, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, ნატოს კონტინგენტის რაოდენობის შემცირება იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას იმ ფორმითა და ძალების რაოდენობით განაგრძობს, როგორც ის ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა თუ მალიში ამ ეტაპზეა წარმოდგენილი.

„ფორტუნა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ერთ-ერთი მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღის წესრიგში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირება დგას, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას იმ ფორმითა და ძალების რაოდენობით განაგრძობს, როგორც ის ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა თუ მალიში ამ ეტაპზეა წარმოდგენილი.

მიმდინარე პერიოდში დღის წესრიგში რაიმე სახის ცვლილება ამ კუთხით არ დგას – საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რაც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით კონტრიბუციას ითვალისწინებს.

საქართველო სათანადოდ აფასებს როგორც ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, ისე მსოფლიოში არსებულ ვითარებას. სწორედ აღნიშნულს ემსახურება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომლის განხორციელებასაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიწყებთ და რომელიც მიზნად ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის თვისობრივ ამაღლებას, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების შეკავებასა და მათთან გამკლავების უნარის გაძლიერებას ისახავს.

ამ დროისათვის ამერიკელ, ნატოელ და სხვა დანარჩენ პარტნიორებთან ერთად ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს, რათა სამომავლოდ, 2019 წლისთვის პროპორციულად, მაქსიმალური რაციონალურობითა და ეფექტურად გადავანაწილოთ შეიარაღებული ძალების შემადგენლობა როგორც შიდა გამოწვევების, ისე საერთაშორისო საჭიროებების გათვალისწინებით.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგია იმ რეალიებს შეესაბამება, რაც მის გარშემო ვითარდება და გადაწყვეტილებებს მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ალიანსთან ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საფუძველზე მიიღებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები