თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ საფრანგეთის გაერთიანებული შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს უმასპინძლეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გენერალ-მაიორ ლორან მარბეფს ვიზიტისთვის და პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.
“საუბარი შეეხო საჰაერო თავდაცვის, სამთო მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივ კონტრიბუციას.
შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს და რეგიონში არსებული საფრთხეები და უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს”, – აცხადებენ უწყებაში.