შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი საქართველოში 2019 წელს ამოქმედდა. ყოველდღიურად იზრდება იმ კომპანიების რაოდენობა, რომელთაც სურთ, მათ სამუშაო სივრცეში მყოფი პირები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად გრძნობდნენ თავს. ეს არის სისტემა, რომელიც აერთიანებს ყველა ფაქტორსა და კომპონენტს, ჩვენს სამუშაო სივრცეებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. ეს იქნება სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოება, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობა თუ პერსონალის სწავლება, შრომის უსაფრთხოება აერთიანებს ყველაფერს, რაც საერთო ჯამში ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
შრომის უსაფრთხოების სფეროს მნიშვნელობასა და ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ სიახლეებზე შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „ეიჩესი ჯგუფის“ ტექნიკური დირექტორმა დავით გოგსაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ისაუბრა.
– შრომის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული ბიზნესისთვის. რამდენად აქტიურად არიან ჩართული ორგანიზაციები შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვაში? რამდენად გააქტიურდა ეს თემა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში?
მას შემდეგ, რაც კანონმდებლობაში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები გაჩნდა, ყოველდღიურად იზრდება კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მიჰყვებიან ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას და იწყებენ პროცესს. ამას ხელს უწყობს შრომის ინსპექციის აქტიური მუშაობა. საწყის ეტაპზე მეტი ყურადღება ეთმობა მაღალი რისკის სექტორის მქონე კომპანიებს. ვგულისხმობ, მშენებლობას, მრეწველობას, წარმოებას.
ეტაპობრივად შრომის უსაფრთხოების სექტორის მხრიდან გააქტიურებულია ინსპექტორები სხვა ეკონომიკური საქმიანობის კომპანიებში. ინსტრუქტორები გასცემენ რეკომენდაციებსა და კონკრეტულ მითითებებს, თუ რა ღონისძიებებია გასატარებელი შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის მიზნით. ორგანიზაციებისთვისაც ნათელი ხდება, რა სჭირდებათ რეალურად. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ცალსახად შემცირდა საწარმოო შემთხვევების რაოდენობა, რაც პირდაპირ კავშირშია შრომის უსაფრთხოების დანერგვასთან. ეს სისტემა ორიენტირებულია საფრთხის მაქსიმალურ კონტროლზე, რაც ხელს უწყობს პროცესის სწორ წარმართვას და კომპანიებში ინციდენტების რაოდენობის შემცირებას. მოთხოვნა იზრდება და კომპანიები დღითი დღე ერთვებიან ამ პროცესის დანერგვაში.
– რა მდგომარეობაა ბაზარზე? მოვისმინე ინფორმაცია, თითქოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ნაკლებობასაც კი განვიცდით, იმდენად გაზრდილია მოთხოვნა და კომპანიები რამდენად ართმევთ თავს ამ გაზრდილ მოთხოვნას?
კადრების დეფიციტის საკითხი რომ განვიხილოთ, შრომის უსაფრთხოების დანერგვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებიც არიან სერტიფიცირებულები. კადრების დეფიციტი ბაზარზე ნამდვილად არის, რადგან მოთხოვნასთან შედარებით მცირეა სერტიფიცირებული სპეციალისტების რაოდენობა. ეს ერთი მხრივ გამოწვეულია იმით, რომ აკრედიტებული პროგრამა, რომელიც ანიჭებს პირს სპეციალისტის სტატუსს, 2019 წლის შემდეგ შეჩერებული იყო და ახლახან განახლდა. პროგრამის განახლებისთანავე დაკომპლექტდა პირველი ჯგუფები, რომლებმაც გაიარეს გადამზადება. ასე რომ, კადრების დეფიციტის საკითხი ეტაპობრივად გამოსწორდება.
ამ ყველაფრის ალტერნატივა, რა თქმა უნდა, არის კომპანიები, რომლებიც აუთსორს მომსახურებას უწევს, ეს ნაწილი სრულ მოთხოვნას შედარებით აბალანსებს.
ჩვენი კომპანია „ეიჩესი ჯგუფი“ 6 წელზე მეტია ბაზარზეა და ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა სავალდებულო გახდა, თითქმის ყველა ეკონომიკური საქმიანობის მხრიდან გაიზარდა მომართვიანობა. 130-ზე მეტი პარტნიორი კომპანია გვყავს, 1200-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს ჯამში ეს 130 კომპანია. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში არსებული კომპანიები 100%-ით აკმაყოფილებს შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებს, თუმცა დადებითი სტატისტიკა ნამდვილად შეინიშნება. ამ ეტაპზე სპეციალისტები თუ აუთსორს მომსახურება ფარავენ ამ მოთხოვნას.
– ეს სფერო საკმაოდ ახალია საქართველოში. საკანონმდებლო კუთხით, როგორ არის საქმე, კანონმდებლობა კომპანიების საჭიროებებს რამდენად პასუხობს და რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა და კანონმდებლობის დახვეწა?
ეს სფერო ნამდვილად ახალია და ინტენსიურად მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის შევსება. მაგალითად, 5 დღის წინ გამოქვეყნდა უსაფრთხოების ნიშნების განთავსების მოთხოვნები, რაც ახალი რეგლამენტია. ძირითადი საკანონმდებლო ბაზა არსებობს, ორგანულ კანონში საკმაოდ დიდი ჩამონათვალია ნორმატიული მასალის, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება და კიდევ უფრო შეავსებს ბაზას. აქტიური კანონმდებლობა კი ქმნის საკმარის საფუძველს, რომ კომპანიებმა დაიწყონ შრომის უსაფრთხოების საკითხების მოწესრიგება. ჩვენ პრაქტიკულად ყველა მიმართულება გვაქვს, ეს იქნება კანონები, თუ სექტორული, ტექნიკური რეგლამენტები.
ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება, კომპანიები ხელმძღვანელები კი უფრო და უფრო ინტენსიურად იწყებენ ფიქრს, რომ საჭიროა სისტემის არსებობა ამ პროცესში. დასაფასებელია მედიის ჩართულობაც, რადგან მხარი დაუჭირონ ცნობიერების ამაღლებას.
– თქვენ, როგორც კომპანია „ეიჩესი ჯგუფის“ ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებელს და ტექნიკურ დირექტორს მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოება კომპანიებისთვის? ბიზნესის აღქმამდე რამდენად დავიდა ის, რომ ეს არ არის ფულის ტყუილად ხარჯვა და რომ მის კომპანიაში შრომის უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად იყოს დაცული?
შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი 2019 წლიდან არსებობს, ეს არის სისტემა, რომელიც აერთიანებს ყველა ფაქტორსა და კომპონენტს, სამუშაო სივრცეში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
ამ სფეროს წარმომადგენლები 3 ძირითად მიზეზს გამოვყოფთ ხოლმე, რატომ არის მნიშვნელოვანი, როდესაც შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ ხოლმე. ესენია: 1. მორალური, 2. სამართლებრივი, 3. ფინანსური.
ეს ნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების სისტემა უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეში ინციდენტების პრევენციას, ქმნის ჯანსაღ სივრცეს, რაც ყველა დამსაქმებლის მორალური პასუხისმგებლობაა.
სამართლებრივი ნაწილი შეეხება საკანონმდებლო ვალდებულებას, რომ ყველა კომპანიაში გათვალისწინებული იყოს შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები.
რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ნორმების დაუცველობა დიდ ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიას. ეს იქნება ჯარიმა, კომპენსაცია, კომპანიის იმიჯის შელახვა და სხვა.
სისტემა მომართულია, რომ დასაქმებულებმა იზრუნონ სამუშაო პროცესში ჩართული პირების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, რაც ცხადია მნიშვნელოვანია, თუმცა გარდა საზოგადო სიკეთისა, სისტემის დანერგვა უკვე 3 წელია კანონმდებლობითაც სავალდებულო გახდა, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს კომპანიების მოტივაციას, დაუთმონ დრო შრომის უსაფრთხოებას.
შრომის უსაფრთხოებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ სფეროს წარმომადგენლები მოხარული ვართ, რომ საქართველოც უერთდება ქვეყნებს, სადაც უსაფრთხოება პრიორიტეტულია. რაღაც ეტაპზე იყო, რომ კომპანიები თავიდან ზედმეტ ხარჯად აღიქვამდნენ, თუმცა აქტიურმა საინფორმაციო კამპანიამ, რომელშიც ჩართულია შრომის ინსპექცია და მედია, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ თითოეულ კომპანიას, რა არის შრომის უსაფრთხოება, რატომ არის მნიშვნელოვანი მათთვის, რა სარგებელს მოუტანს მათ და ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის წარმომადგენლების მხრიდან მომართვიანობა დღითი დღე იზრდება.