“თავისუფალი ლიტერა 2021”-ის კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია.
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- ალეკო შუღლაძე – „ლაბირინთი მანუელისთვის “, გამომცემლობა „პალიტრა L“
- რუსუდან რუხაძე – „სიყვარულის წონა“, გამომცემლობა „ინტელექტი“
წლის საუკეთესო რომანი:
- შოთა იათაშვილი – „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
- ბექა ქურხული – „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- ბათუ დანელია – „თოვლის ტენორი“, გამომცემლობა „პეგასი“
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა:
- როსტომ ჩხეიძე – „მუხა უდაბნოში“, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება
წლის საუკეთესო დებიუტი:
- ნანა აბულაძე – „აკუმი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:
- ნატალია ავალიანი – შოთა იათაშვილი „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
ილიაუნის სპეციალური პრემია სამოქალაქო თემების ასახვისთვის ლიტერატურაში გადაეცა ეკა ქევანიშვილს.
„თავისუფალი ლიტერა 2021“-ის კონკურსის მოკლე სიის ნომინანტები ფორმულას დილის ეთერში 17 იანვარს დასახელდა.
„თავისუფალი ლიტერა“ პრემია „ლიტერას“ მხარდამჭერი კონკურსია. კონკურსზე განიხილება მხოლოდ ის წიგნები, რომლებიც წლევანდელ უკვე ჩაშლილ ლიტერაზე იყო წარდგენილი. კონკურსის შედეგებს აფასებდა ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგებოდა, გამარჯვებული კი ფარული კენჭისყრით ვლინდება.
გასულ წელს ლიტერატურული პრემიერა „ლიტერა“ ჩაიშალა, რადგან ის ჟიურის 4-მა წევრმა და კონკურსანტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
პროტესტის მიზეზი გახდა კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ წელს პირველად ჟიურის მეხუთე წევრს თვითონ დანიშნავდა.
მწერალთა სახლში აცხადებდნენ, რომ თეა წულუკიანის მიერ ჟიურის წევრის დანიშვნის შემდეგ მათ სამინისტროსთან კომუნიკაციას ეცადნენ, თუმცა ამას უწყებიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
ლიტერას კონკურსანტებმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართეს, რომ სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი გაეწვიათ. თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ “ამ კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვთ, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი სამინისტროს წარმომადგენელია”.