LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავისუფლების მოედანი”: „ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება საყოველთაო, მშვიდობიანი, დემოკრატიული და კანონიერი… ამ მოძრაობის ადგილი იქნება ყველგან – ქუჩებში, აუდიტორიებში, პარკებში… არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს ყველა რაიონში“

141
ლევან ცუცქირიძე, სიმონ ჯანაშია, თავისუფლების მოედანი

ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები და ჩვენ ამიტომ ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება საყოველთაო, მშვიდობიანი, დემოკრატიული და რა თქმა უნდა, კანონიერი“ – აღნიშნული განცხადება „თავისუფლების მოედნის“ ხელმძღვანელმა, სიმონ ჯანაშიამ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან ცუცქირიძესთან ერთად „დედაენის ბაღში“ გააკეთა.

მისი თქმით, იწყებენ წინააღმდეგობის მოძრაობას „თავისუფლების მოედანი”, რითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბებული შედეგების გამოძიებას შეეცდებიან“.

ჯანაშიას განცხადებით, მათ შორის ჩაატარებენ ახალი ტიპის აქციებს.

მისივე თქმით, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით 1-ელ ნოემბერს, 19:00 საათზე „მზიურის პარკში“ შეიკრიბებიან:

„სიმბოლურია, რომ აქედან ვიწყებთ მოძრაობას იმიტომ, რომ 46 წლის წინ, როდესაც ახალგაზრდები აქედან რუსთაველზე წავიდნენ, მათ შევარდნაძემ მიმართა, „რას შვრებით, ბავშვებო?“, რაზეც მათ უპასუხეს: „ჩვენ, შენი ბავშვები არ ვართ!“. ჩვენ არ ვართ ის ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ ცეკა-ს მდივნები, რომ უკარნახონ, როგორ უნდა იცხოვრონ. ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები და ჩვენ ამიტომ ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება საყოველთაო, მშვიდობიანი, დემოკრატიული და რა თქმა უნდა, კანონიერი. ამ მოძრაობის ადგილი იქნება ყველგან- ვიმოქმედებთ ქუჩებშიც, აუდიტორიებშიც, პარკებშიც და არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს ყველა რაიონში, ქალაქში და სოფელში. ჩვენ შევეცდებით გამოვიძიოთ გაყალბება, რაც მოხდა. ჩვენ იდენტიფიცირებას გავუწევთ იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობდა ამ გაყალბებაში. ჩვენ შევზღუდავთ ხელისუფლების წევრებს და მათ მოქმედებებს. საჯარო სივრცეებში ჩავატარებთ ახალი ტიპის აქციებს, ეს არ იქნება მხოლოდ მასობრივი აქციები და რუსთაველზე აქციები, არამედ იქნება აქციები, რომელიც დაანახებს ადამიანებს, თუ რა მოხდა საქართველოში და რატომ არის მნიშვნელოვანი ამაზე მათი რეაგირება“, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, შედეგები, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოცხადდა, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

„ამ არჩევნებზე გაიმარჯვა დემოკრატიულმა ოპოზიციამ და ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა მთავრობა,რომ მოგვპაროს ეს გამარჯვება. ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას და ერთობლივად, კოორდინაციით მივყვებით ამ ბრძოლას ბოლომდე. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია,რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს ყველა მოქალაქემ, ყველა ადამიანმა, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დემოკრატია და საქართველოს ევროპული მომავალი. ამისთვის ჩვენ გვაქვს რამდენიმე ინიციატივა“-განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g