საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თვითმარქვია სასულიერო პირზე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის და ფოტოსაც აქვეყნებს.
უწყება ასევე მოუწოდებს ყველას, ვინც ინფორმაციას ფლობს აღნიშნული პიროვნების შესახებ, საპატრიარქოს მიაწოდონ.
“ინფორმაცია თვითმარქვია პირის შესახებ – ბაჩუკი, იგივე გიორგი ცნობილაძე.
გასული დღეების განმავლობაში საქართველოს საპატრიარქოს არაერთხელ მომართეს კითხვით, იყო თუ არა ვინმე ბაჩუკი, იგივე – გიორგი ცნობილაძე, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მოღვაწე სასულიერო პირი. როგორც აღნიშნავენ, იგი თავს წარმოაჩენს სასულიერო პირად და ატარებს პარაკლისებს სხვადასხვა სნეულებისა და უშვილო წყვილთა განსაკურნებლად.
ჩვენ ვცადეთ, დავკავშირებოდით მას სოციალურ ქსელში არსებული პროფილის მეშვეობით და უშუალოდ მისგან მიგვეღო პასუხი, თუ რომელი ეკლესიის იურისდიქციით მოქმედებს, თუმცა უშედეგოდ.
ამჟამად საქართველოს საპატრიარქოში არსებული შესაბამისი სამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება: ბაჩუკი, იგივე – გიორგი ცნობილაძე, არ ირიცხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში, არასოდეს ყოფილა ხელდასხმული დიაკვნად და მღვდლად, არც აღკვეცილა მონაზვნად.
ამიტომ გაუგებრობის აცილების მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული პიროვნების მიერ ნებისმიერი სამღვდელო წესის შესრულება და საეკლესიო საიდუმლოების იმიტაცია წარმოადგენს მართლმორწმუნე საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დამაბრკოლებელ ქმედებას, თვითნებობას და მძიმე საეკლესიო დანაშაულს.
გარდა ამისა, თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ ზემოაღნიშნული პიროვნების შესახებ, შეგიძლიათ მომართოთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.