LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმს მასპინძლობს

115
თბილისი

დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი გაიხსნა სახელწოდებით – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“.

ღონისძიება დედაქალაქის მერმა გახსნა. კახა კალაძემ, სხვა საკითხებთან ერთად, მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და შესაბამისი ინიციატივების წარმართვაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჯანსაღი ქალაქი არ არის მხოლოდ ხედვა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც მოსახლეობის წინაშე მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად გვაკისრია. ამის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შევიმუშაოთ ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ ჯანმრთელობას. ასევე ჩვენი მიზანია, შეიქმნას ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური სერვისებისა და პროგრამების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მის პოპულარიზაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ორდღიან ფორუმზე ისეთი საკითხები განიხილება, როგორებიცაა: ურბანული  განვითარება და მდგრადობა, განახლებადი ენერგიის მოხმარება-განვითარება, ჯანსაღი ქალაქის როლი ტურიზმის მდგრადი განვითარების პროცესში, ეკოტრანსპორტი, კლიმატის ნეიტრალიტეტის მიღწევის სტრატეგიები, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა მოქალაქეებისათვის და სხვა.

ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმს საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ბაქოს, განჯის და გიუმრის მერები – ელდარ აზიზოვი, ნიაზი ბაირამოვი, ვარდგეს სამსონიანი, ასევე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, დიპლომატები, 15-მდე ქვეყნის 25 სტუმარი ესწრება.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა წამყვანი იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები