LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ციფრულ კონფერენციას TRAVERSE-ს უმასპინძლებს

154
11

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, პირველად საქართველოში, თბილისში, საერთაშორისო ციფრული კონფერენცია TRAVERSE გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს 180-მდე ინფლუენსერი ეწვევა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და ა.შ.

მსოფლიოში ცნობილი  მოგზაური ბლოგერები, რომლებსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ, კონფერენციის მონაწილეებს მსოფლიო ტრენდების შესახებ ინფორმაციას და გამოცდილებას გაუზიარებენ. სპიკერებს შორის არიან: BBC-ის წამყვანი გავინ რამაჯუნი, Instagram ბლოგერი რიჩ მაკკორი, Youtube-ის ბლოგერი ტობა ქერიჯი და სხვა.

„ციფრული კონფერენცია 2013 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა და  მას შემდეგ მსოფლიოს 12 ქვეყანაში გაიმართა. TRAVERSE-ის კლუბში გაწევრიანებულია 500-მდე ინფლუენსერი და ბლოგერი ძირითადად ევროპიდან. ჩვენი სტუმრები მოივლიან საქართველოს, გაეცნობიან ტურისტულ პროდუქტებს. ვფიქრობ, ეს კონფერენცია წარმატებული იქნება და მოგვიანებით შევძლებთ თვალი ვადევნოთ, თუ რას დაწერენ ინფლუენსერები საქართველოს შესახებ საერთაშორისო მედია პლატფორმებზე“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

TRAVERSE-ის ფარგლებში ინფლუენსერები საქართველოში იმოგზაურებენ, გაეცნობიან ზამთრის კურორტებს, ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს.

ინფლუენსერები სოციალურ ქსელებში ბლოგებს, პოსტებსა და სთორებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე.

კონფერენციამდე თბილისს ორგანიზატორები ეწვივნენ და ღონისძიების დეტალებს გაეცნენ.

„პირველად ვარ საქართველოში და განსაკუთრებით მომეწონა ქართული კერძები და ღვინო. ინფლუენსერები, რომლებიც საქართველოს ეწვევიან თქვენი ქვეყნის შესახებ შექმნიან ისტორიებს, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმით გავრცელდება (YouTube, Instagram, Tik Tok, ასევე, ციფრული და ბეჭდური მედია საშუალებები), რაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს. გვსურს, რაც შეიძლება  ბევრ ადამიანს გავაცნოთ თქვენი ქვეყანა და აქ მოგზაურობის სურვილი გავუჩინოთ“, – აცხადებს TRAVERSE-ის კონფერენციის ორგანიზატორი მაიკლ ბოლი.

ლონდონში დაფუძნებული TRAVERSE გლობალურ ბრენდებსა და ტურისტულ ჰაბებს ციფრული პროექტების განვითარებაში ეხმარება. კონფერენციებში მონაწილეობენ როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ინფლუენსერები (ბლოგერები, YouTubers, Instagrammers, Tik Tokers, ვიდეოგრაფები და ა.შ.).