თბილისი უკრაინის მოქალაქეების შეფარებისთვის მზადაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, შერჩეულია კონკრეტული ადგილი, სადაც უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული პროდუქტი შეგროვდება.
“უკრაინისთვის განსაკუთრებით ძნელბედობის ჟამს ჩვენ ყველანი ერთიანი ძალით, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, სოლიდარობას.” – განაცხადა კალაძემ
“ქართველებს ნამდვილად არ გვესწავლება თანადგომა და მხარდაჭერა გაჭირვებაში მყოფი მეგობრების მიმართ. ჩვენი სახელმწიფო ომის პირველივე დღეებიდან უწევს დახმარებას საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს.” – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი განცხადებით, უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და კვლავ გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
“მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. უამრავი რიგითი მოქალაქე ეხმარება ჩვენ უკრაინელ მეგობრებს.” – აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ქალაქია გამოთქვა მზაობა შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები და დაეხმაროს იმ ტკივილის გადატანაში, რასაც დღეს ისინი განიცდიან.
“ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გარკვეული პროდუქტების მობილიზება, რომელიც შემდგომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში გაიგზავნება,” – განაცხადა კახა კალაძემ.