ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი სამხრეთ კავკასიაში თბილისში ტარდება. სამი დღის განმავლობაში ოთხ სცენაზე 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი არტისტი წარდგება მსმენელის წინაშე. ღონისძიება საფესტივალო ქალაქში იმართება, რომელიც „Lisi Wonderland“-შია განთავსებული.
„თბილისის ოფენ ეარის“ მონაწილეები არიან მორჩიბა, სტივ ვაი, დამიენ რაისი, Uncle, Air, Tricky, Nikakoi და სხვა შემსრულებლები.
დღეს ფესტივალის პირველი დღეა. კარები საღამოს ხუთი საათიდან იხსნება. დღევანდელი დღის მთავარი მოვლენაა ბრიტანული ბენდი SKYE & ROSS და ლეგენდარული ფრანგული დუო Air.
„თბილისი ოფენ ეარის“ მაყურებელს, მუსიკის მოსმენის გარდა, მრავალფეროვან აქტივობაში მონაწილეობა შეეძლება, მათთვის ფუნქციონირებს სათამაშო მოედანი, ილიაუნის ასტროზონა, ზღაპრის ზონა, საკითხავი ზონა და 20-მდე კაფე-ბარი.
29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ფესტივალის უფასო ავტობუსები დელისის მეტროდან დანიშნულების ადგილზე მიგიყვანთ.
ნინო მურღულია