LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tbilisi Open Air-ის სამდღიანმა მასშტაბურმა ღონისძიებამ სრული ანშლაგით ჩაიარა

648
Tbilisi Open Air

მიუხედავად 3-დღიანი უამინდობისა, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურმა ფესტივალმა – Tbilisi Open Air/Altevision სრული ანშლაგით ჩაიარა. წელს ფესტივალის მთავარი იდეა კვლავინდებურად უცვლელი იყო – თავისუფლება, სწორედ ესაა ის უმთავრესი იდეა, რომლის გარშემოც ათეულობით ათასი ადამიანი 3 დღის განმავლობაში ახალი იპოდრომის მიმდებარედ, Lisi Wonderland-ში შეიკრიბა. მელომანების უწყვეტი ნაკადი გასული წლების მსგავსად, ისევ არ წყდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ წელს, ფესტივალზე გაყიდული ბილეთებიდან შეგროვებული თანხის ნაწილი უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხება. 

აღსანიშნავია, რომ წელს, მსმენელების წინაშე, გარდა ტოპ უცხოელი არტისტებისა, Lisi Wonderland-ში განთავსებულ 4 სცენაზე ახალბედა ქართველი მუსიკოსებიც წარდგნენ. ფესტივალის პირველ დღეს – 23 ივნისს, მთავარი სცენა, გრანდიოზულად Tbilisi Newcomers 2021-ის გამარჯვებულმა მემემ გახსნა.

 

მელომანებმა მთავარ სცენაზე ასევე მოუსმინეს ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც არიან: Kordz; LOUDspeaker; 4D Monster Lobsters; Bedford Falls; ალტერნატიული ჟღერადობის ბელგიურ დუოს: Konoba.

დღის მიწურულს კი მთავარი სცენა ამერიკულმა ჯგუფმა – Cigarettes After Sex-მა დახურა. არანაკლებ  გამორჩეული იყო Tbilisi Open Air / AlterVision-ის II დღის მთავარი სცენა, სადაც ქართველ არტისტებთან ერთად: Moku Moku;  Nash Albert; ასევე, სხვა ტოპ უცხოელი არტისტებიც გახლდნენ, მეორე დღე კი, საოცარმა alt-J-მ დახურა.

მუსიკის მრავალფეროვანებაზე კი გასული წლების მსგავსად, Tbilisi Open Air-მა კვლავაც იზრუნა და ელექტრონული მუსიკისა და Psytranc-ის მსმენელები ისეთი არტისტებით გაათამამა, როგორებიც არია: Acid Pauli; Robag Wruhme; Jennifer Cardini; Chloe; Giuseppe; Ajja; Fungus Funk.

 

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ კულმინაციური იყო ფესტივალის მესამე დღე, დღის განმავლობაში ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა: წერილი • Tserili-ისთვის, Eko & Vinda Folio-ისთვის; Molchat Doma-ისთვის და ა.შ.

 

დღის ბოლო კი საოცრად ემოციური იყო – ფესტივალი სრული ანშლაგით უკრაინულმა როკ-ბენდმა Ocean Elzy-მა დახურა. ქართველი მსმენელები ბენდს განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ, ისმოდა უკრაინის მხარდამჭერი შეძახილები, ფრიალდებდა უკრაინის დროშები. ჯგუფის ვოკალისტის სვიატოსლავ ვაკარჩუკის სიტყვით გამოსვლას კი, ქართველი და უცხოელი მელომანების განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა.

„საქართველო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყანაა. მიყვარს თქვენი კულტურა, არქიტექტურა, სტილი, ტანსაცმელი, სამზარეულო, ყველაფერი. მინდა, რომ ეს საღამო დაიმახსოვროთ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ცხოვრებასა და კარიერაში – ეს პირველი კონცერტია, რომელსაც ვატარებთ მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში დიდი ომი დაიწყო და ჩამოვედით ჩვენი ძმებისა და დების ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა საქართველო.“– თქვა Okean Elzy-ის სოლისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა.

უკრაინელი არტისტი Lisi Wonderland-ში მისულ მარიუპოლიდან ლტოლვილ ბავშვს ჩაეხუტა და ქართველ ხალხს უკრაინელი ლტოლვილების შეფარებისა და დახმარებისთვის, მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ვაკარჩუკმა „თბილისო“ ქართულად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი უკვე 11 წელია არსებობს და წლიდან წლამდე სულ უფრო ვითარდება და იხვეწება. ფაქტია, რომ მიუხედავად მცირე ორგანიზაციული ხარვეზებისა და უამინდობისა, Tbilisi Open Air-ის მთავარმა სლოგანმა: #MusicBreaksFree – „მუსიკა ათავისუფლებს“ კვლავაც სრულფასოვნად უპასუხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g