28 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბიზნესგაერთიანება – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისში“ საქართველო–თურქეთის ბიზნესფორუმი გაიხსნა, რომლის მიზანია მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო პარტნიორობის დამყარება.
თბილისს ამ დღისთვის 11 თურქული კომპანია ეწვია ენერგეტიკის სექტორიდან. ფორუმს სფეროთი დაინტერესებული ადგილობრივი მეწარმეები ესწრებიან. ისინი ორმხრივ (B2B) შეხვედრებს გამართავენ. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა დამწყებ მეწარმეებს, ანუ ადგილობრივი სტარტაპების წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ პროდუქტსა თუ მომსახურებას, პრეზენტაციებისა და ნეთვორქინგის საშუალებით, შესთავაზებენ მათთვის რელევანტურ, ბაზარზე პოზიციონირებულ ქართულ და უცხოურ კომპანიებს.
ამრიგად, ღონისძიების მონაწილე სამ მხარეს – ქართველ გამოცდილ მეწარმეებს, სტარტაპებსა და თურქული კომპანიებს, საშუალება ექნებათ კონკრეტული ბიზნეს წინადადებები შესთავაზონ ერთმანეთს და დასახონ ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.