ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი მოთამაშე – ავიაკომპანია ”ავიატორი” მომხმარებლებს თბილისი-ბაქოს რეისზე საჰაერო ტაქსით მომსახურებას სთავაზობს. აღნიშნული სერვისი კი 6930 დოლარი ჯდება.
როგორც აზერბაიჯანული სააგენტო Trend.az-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ამ მარშრუტზე საჰაერო ტაქსის მომსახურება მგზავრების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული და ნებისმიერ შემთხვევაში 6930 დოლარი ღირს. “რადგანაც თვითმფრინავი ბაზირებულია თბილისში, ის ორმხრივ ფრენას ასრულებს”, – განუცხადა აზერბაიჯანულ სააგენტოს კომპანიის წყარომ.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია ”ავიატორი” ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ის ჰოლდინგ ”აჭარა ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ოპერირებას მხოლოდ საჰაერო ტაქსით ახორციელებს. “ავიატორი” ნებისმიერ მსურველს, საჰაერო ტაქსის მომსახურებას სთავაზობს, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ჩარტერული რეისების შესრულებასაც. როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”აჭარა ჯგუფიდან” აცნობეს, რეისები ხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა აეროდრომში, ასევე მეზობელ ქვეყნებში.
”ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მაქსიმალურად მოკლე დროში, კომფორტულად ჩაფრინდნენ დანიშნულების ადგილას როგორც ტურისტული, ისე საქმიანი ვიზიტით. ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს უახლესი ამერიკული წარმოების Beechcraft KingAir C90GTX ტიპის საჰაერო ხომალდით, რომელიც აღჭურვილია 5 ადამიანზე გათვლილი ბიზნეს კლასის ინტერიერით და უახლესი სისტემებით, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს , სასურველი მიმართულებით უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრონ”, – აღნიშნეს “აჭარა ჯგუფში”.
მათივე ცნობით, ავიაკომპანია “ავიატორის” მთავარი მიზანი საქართველოში ტურიზმისა და მცირე ავიაციის განვითარების ხელშეწყობაა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.