LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს

83
თბილისი 22

თბილისის ბიუჯეტის თანხა 2021 წელს 1,1 მილიარდ ლარზე მეტი იქნება, – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდა ბევრი კარგი პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს მერიას.

„კარგი ინფორმაციით მინდა დავიწყო. ვფიქრობ, დედაქალაქის მოსახლეობას გაუხარდება, რადგან მომდევნო 2021 წელს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში სხვადასხვა ტიპის პროექტები განხორციელდეს. მინდა დავიწყო ბიუჯეტით, თქვენ იცით, რომ თბილისის მერიამ საკრებულოში წარადგინა ბიუჯეტი, რომელიც არ იყო საბოლოო და დასრულებული. დაახლოებით თანხა იყო 840 მილიონი და ყველას გვახსოვს, თუ რა მითქმა-მოთქმა მოჰყვა ამ თანხას. კონკრეტულ ტელევიზიებში სიუჟეტები, რომ ბიუჯეტი მცირდება, მთელი უბედურება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განმარტებებს ვაკეთებდით, რომ ეს არის პირველადი ბიუჯეტი, როგორც ყველა წლის ბოლოს ხდება, მუნიციპალიტეტი წარადგენს ბიუჯეტს და შემდეგ ხდება შესწორება, ბიუჯეტზე მუშაობა, თანხების დამატება და საბოლოლოო ბიუჯეტი წარედგინება საკრებულოს განსახილევალდ. ამჯერადაც ამ ვითარებაში ვიმყოფებით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მერმა დეტალურად ისაუბრა თბილისის ბიუჯეტის გაზრდის სქემაზე და მხარდაჭერისთვის პრემიერსმადლობა გადაუხადა.

„ბიუჯეტზე ვმუშაობდით ფინანსთა სამინისტროსთან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩართული იყო ასევე პრემიერ-მინისტრი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გიორგი გახარიასა და ვანო მაჭავარიანს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, მადლობა გადავუხადო თბილისელების გვერდში დგომისთვის. რაც შეეხება ბიუჯეტს, დაემატება 225 მილიონი. უახლოეს დღეებში გადავგზავნით თბილისის საკრებულოში განსახილველად. ჩვენს მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მილიონი ლარი. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მომდევნო წლის დასაწყისში, კონკრეტულად იანვარში, ამ თანხას კიდევ 50 მილიონი დაემატება და საბოლოოდ, 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 100 მილიონზე მეტი, რაც ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი იყოს განხორციელებული დედაქალაქში ყველა მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

მერის განმარტებით, ბიუჯეტის მესამედი, დაახლოებით 350 მილიონ ლარზე მეტი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელებას მოხმარდება, რაც უპრეცედენტოდ მაღალი თანხაა.

350 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

კალაძე იმედვნებს,  რომ საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა ნაყოფიერად ჩაივლის და დოკუმენტი მხარდაჭერას მოიპოვებს.

მან ასევე აღნიშნა,რომ უფასო სასადილოების პროგრამაში ჩართვის მოლოდინში მყოფი 3500-მდე მოქალაქე პროგრამაში ჩაერთვება.

მერმა ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოკვლევას პროკურატურა განახორციელებს.

მისი თქმით, ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე სამუშაოები ხარვეზით განხორციელდა, რისი გამოსწორბაც შემდეგ ბიუჯეტს 85 ათასი ლარი დაუჯდა.

„მოკვლევის შედეგად ვლინდება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული და ეს საკითხი გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ საბურთალოზე, თოფურიძის ქუჩაზე დაახლოებით 7 000 კვ. მ. ფართობზე სარეკრეაციო სივრცე მოეწყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის დამოკიდებულება მწვანე და რეკრეაციული სივრცეებისადმი, თვალშისაცემიცაა.

მერის დაპირებით, 2021 წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების შექმნა და არსებულის რეალიბიტაცია იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები