LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025 გაიხსნა

444
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23 ოქტომბერს ტარდება და მასში მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

გახსნითი პანელი, მაღალი დონის დიალოგი, რეგიონის ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრია ალი ასადოვის მონაწილეობით მიმდინარეობს. 

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

ღონისძიება ამჯერადაც, ტრადიციულად, წარმომადგენლობითი, სექტორულად მრავალფეროვანი იქნება და გლობალური ლიდერების შეკრებას უმასპინძლებს – 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატს.

ფორუმის მონაწილეთა შორის არიან რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე სხვა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების – გაეროს, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ბისეკი) წარმომადგენლები.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა  და მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის“ მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: „Invest in Connectivity – Grow in Stability“.

22 ოქტომბერს გაიმართება შვიდი პანელური დისკუსია საერთაშორისო ვაჭრობის, „შუა დერეფნის“, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე. ძირითადი პანელების გარდა, პარალელურ ღონისძიებებსა და დისკუსიებზე ყურადღება გამახვილდება რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, ასევე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტებზე (როგორც ენერგეტიკული, ასევე ციფრული). 23 ოქტომბერს კი, ფორუმის ფარგლებში, თბილისის ფინანსური სამიტი ჩატარდება. მთავარი პანელების გარდა, ორი დღის განმავლობაში გაიმართება ორმხრივი ბიზნეს შეხვედრებიც სხვადასხვა დარგის  კომპანიების წარმომადგენლებს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g