LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბავშვთა კაპელას ხელმძღვანელი: „პირველად ვარ სიხარულისა და ტკივილის ზეწოლის ქვეშ…“

6335
64283395_1582483718550312_6471488457679044608_o

თბილისის ბავშვთა კაპელას ხელმძღვანელი, გელა ფარჩუკიძე ემოციებით სავსე პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში იმის შესახებ, თუ რა გზა გამოიარა მისმა ანსამბლმა დღმდე.

„ალბათ პირველად არის, როცა წერილი, (ე.წ. „პოსტი“) როგორ დავიწყო, არ ვიცი…

ისე, რომ არ დავწერო, მირჩევნია… მაგრამ მიზეზთა გამო უნდა დავწერო… იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს მოვეფერო და მადლი მოვახსენო სიკეთისათვის, სიყვარულისათვის, თანადგომისათვის, დახმარებისათვის… და ჭირისუფლობისათვის…

პირველად ვარ სიხარულისა და ტკივილის ზეწოლის ქვეშ და თან ეს ყველაფერი სულ რაღაც 2 კვირის განმავლობაში….

ვერ ვიტევ გულში სითბოს, რომ არ მოვეფერო ჩემს „ხულიგან შვილებს“, რომლებმაც ცრემლიანი პატარა თვალებით „აკივლეს“ ზე–დახვეწილი და ზე–აკადემიური ვენა… მსოფლიო მუსიკის ცენტრი…ეს იყო სრული ტრიუმფი მსოფლიოს ყველა მუსიკოსისთვის სანატრელ ვენის „KONZERTHAUS”-ში, რომელსაც ასევე გამოეხმაურა ვენის TV და პრესა და ფესტივალის ორგანიზატორის სამადლობელი წერილი ქ.თბილისის მერის, ბატონი კახი კალაძისადმი….

შემდეგ, იქიდან დაბრუნებულები, აეროპორტიდანვე პირდაპირ კონცერტზე – ასევე ევროპის ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ და დიდებულ დარბაზში – ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ქართული საგუნდო მუსიკის პატრიარქის – იოსებ კეჭაყმაძის 80 წლისადმი მიძღვნილ საღამოზე…

და აი, გუშინ – ასევე ჩემთვის და ყველა ქართველი მუსიკოსისთვის საყვარელ – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე – დღეისათვის მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად მომღერალთან, ლეგენდარული ფრედი მერკურის სიმღერების საუკეთესო შემსრულებელთან – მარკ მარტელთან ერთად კონცერტში მონაწილეობა და აქაც ისტერიკამდე მისული პუბლიკა, ისევ ტრიუმფი…

და ბულდიკა ((((((((((

ჩემი (ჩვენი) ბულდოზერა. (სახელიც მე დავარქვი), გიორგი დეკანოიძე, 15 წლის ანგელოზი, ნამდვილი საჯიშე და გასამრავლებელი ვაჟკაცი, რომელსაც საგასტროლოდ უკვე ჰქონია ჩემოდანი ჩალაგებული და წავიდა, ანგელოზებმა გადაიყვანეს უფალთან…

ვენაში კონცერტის დღეს დაემთხვა მისი გადასვლა მარადიულობაში, ვენის კონცერტიც მას მივუძღვენით… ასეთი რამ ვენას დიდი ხანია არ ახსოვსო. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასე ამბობდა იქ ხალხი, დარბაზშიც და პრესაშიც.

ხო – იმას ვამბობდი – 2 კვირა არ არის არც ბევრი და არც ცოტა… გააჩნია ვისთვის და რისთვის, ამხელა ემოციებისა და ასეთი ტკივილისთვის 12 დღე ძალიან ცოტაა.

მაგრამ აკი ვთქვი – ეს ტკბილ-მწარე რეალობაა… „კაცი ვერსაით წაუვა თავის ბედსა და წერასა“. მადლობა ღმერთს, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მწარე რეალობა შეგვიმსუბუქეს და თბილისის ბავშვთა კაპელას წინ, გამარჯვებისკენ უბიძგეს..

ებრაელებმა იციან თქმა:-„საქებარს მაქებარი თუ არ ექნა უქებარი დარჩებაო“…

ეს, პირველ რიგში, მადლიერებას ეხება. მადლიერება კი ყველაზე დიდი სიკეთეა ადამიანის თვისებათა შორის…

დიდი მადლობა ქ.თბილისის მერს ბ-ნ კახა კალაძეს ბევრი სიკეთის გამო, რაც კაპელას ეხება… მადლობა Mr. CHAMPION…

დიდი მადლობა ქ-ნ ეკა ჯოჯუას, დიდი მადლობა ქ-ნ სოფიო ხუნწარიას, დიდი მადლობა ბ-ნ ირაკლი გვილავას და მთლიანად მის გუნდს…

დიდი მადლობა ჩვენს საყვარელ საოპერო მომღერალსა და ჩემს საყვარელ მეგობარს ქ-ნ თამარ ივერს, ვენაში ამ ღონისძიებაზე ჩვენი მიწვევის რეკომენდაციისა და ამ სიკეთისათვის…

მადლობა ყველას, ვინც ოდესმე ერთი სიტყვით მაინც შეეწია ამ საერო საქმეს, რომლის სიმძიმესაც მხოლოდ მე ვერ მოვერევი….

გავა დრო და არც ეს კონცერტები და არც ის ნერვიულობები, რომელსაც ჩვენი ყოველდღიურობა და „ამაოება ამაოებათა“ჰქვია – არავის აღარ ემახსოვრება… სამაგიეროდ, კარგად ემახსოვრებათ ბავშვებს, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა მათ გაზრდაში… იზრდებიან ჩვენი შვილები, რომლებიც დღეს ჩვენგან – „დიდებისგან“ სწავლობენ სიკეთეს და ხვალ თავად გახდებიან „დიდები“ და სიკეთის შემოქმედნი… ისინი კი თავის წილ სიკეთეს დათესავენ… მერე ახლა ისინი, ვისაც ესენი ასწავლიან სიკეთის ქმნას და გენიალური ნოდარ დუმბაძისა არ იყოს – „და მთელი დუნია ჩვენ ვიქნებით“…ადამიანები რომლებიც სიკეთეს თესავენ… ინებოს უფალმა, ამინ…

„ყველა სიკეთე, რაც არსებობს ამ ქვეყანაზე, უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს, სიკეთეს, სიკეთეს თესავს“.

ბერტოლდ ბრეხტი.

* * *

P.S. მუხრანში, მამაჩემის საფლავზე, დიდ თეთრ მარმარილოს სვეტზე აწერია მხოლოდ სამი სიტყვა: – „იჩქარე, აკეთო სიკეთე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g