კომპანია „თელასი“ 3 აპრილიდან 2017-2018 წლების შემოდგომა–ზამთრის სეზონისთვის თბილისის ელექტროქსელის მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს.
კომპანიის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელიც შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.
როგორც ”თელასში” აცხადებენ, შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში, კომპანია 35 მაღალი ძაბვის ქვესადგურის, 4 საკვანძო ქვესადგურში 6/10 კვ გამანაწილებელი მოწყობილობის და 851 სატრანსფორმატორო პუნქტის სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ასევე, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, 8 მაღალი ძაბვის ქვესადგურში და 95 სატრანსფორმატორო პუნქტში მოძველებული დანადგარები ახლით შეიცვლება. დაგეგმილია 6/10 კვ ძაბვის 43 საკაბელო ხაზის და 0,4 კვ ძაბვის 65 საკაბელო ხაზის რეკონსტრუქცია. ამასთან, 49 ახალი საკაბელო ტრასა აშენდება.
„აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქში დაგეგმილია ქვესადგურების, სატრანსფორმატორო პუნქტების ელექტროდანადგარების და გადამცემი ხაზების სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები, რაც გამოიწვევს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეფერხებას. სს „თელასი“ წინასწარ უხდის ბოდიშს აბონენტებს ამ პროექტების განხორციელების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის“, – განაცხადა სს „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ.