LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ისტორიული შენობა დაანგრიეს (ვიდეო)

875

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელები” თბილისის მერიის უპასუხისმგებლობის მორიგი შედეგზე წერს. მათი განცხადებით, მელიქიშვილის 10 ნომერში ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა (ყოფილი ტუბერკულოზის დისპანსერი) დანგრეულია.

“რესპუბლიკელების” განცხადებით, არ შესრულდა აღებული ვალდებულება შენობის „არსებული დეტალების კონსერვაციისა და დაშლა-აწყობის“ ანუ პირვანდელი იერსახის შენარჩუნების შესახებ.


“1929-30-იან წლებში აშენებული ობიექტი, რომელიც ქართული არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენდა, მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაინგრა.

აღნიშნულ პროექტზე არქიტექტურის სამსახურმა თანხმობა 2017 წლის იანვარში გასცა. მიუხედავად პროტესტისა, მერიამ არ გაითვალისწინა არასამთავრობოების, აქტივისტებისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნები და შენობას არ მიანიჭა ძეგლის სტატუსი, არ შეაჩერა უკანონო დემონტაჟი. 

ამ ისტორიული შენობის დანგრევის ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დედაქალაქის მერიისთვის მთავარია კონკრეტული დეველოპერული კომპანიების მადის დაკმაყოფილება და არას დაგიდევთ არც კულტურულ მემკვიდრეობას და არც ქალაქის იერსახეს. ასეთია ზოგადად ხელისუფლების ურბანული პოლიტიკა დედაქალაქში, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს წინა ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელებას. 

ეს დამოკიდებულება ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ თვითმმართველობის არჩევნებში აქტიური მონაწილეობით. ჩვენ, ყველამ ერთად მხარი უნდა დავუჭროთ ცვლილებებს, მხარი უნდა დავუჭიროთ ისეთი მერის და საკრებულოს წევრების არჩევას, რომლებიც ანგარიშვალდებული იქნებიან უპირველეს ყოვლისა ხალხის წინაშე და იხელმძღვანელებენ საზოგადოების და არა მმართველი ელიტის თუ ბიზნეს-დაჯგუფებების ინტერესებით”, – ნათქვამია “რესპუბლიკელების” განცხადებაში.