LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ჯაზფესტივალი ხულიგანმა ჯეიმი კალუმმა გახსნა

132

ბრიტანელი ჯაზმუსიკოსი, პიანისტი და კომპოზიტორი ჯეიმი კალუმი თბილისის ჯაზფესტივალის გასახსნელად გუშინ შუადღეს საქართველოში ჩამოფრინდა. რასაკვირველია, როგორც ბევრმა სტუმარმა, მანაც პირდაპირ სცენიდან მოგვახსენა მასპინძლობით მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ და დასძინა, რომ თბილისში ყოფნა ძალიან მოეწონა.

ჯეიმი კალუმი დიდ ბრიტანეთში ყველაზე წარმატებულ ჯაზშემსრულებლად მიიჩნევა, რომელმაც სცენაზე მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, სხვადასხვა სტილის ერთმანეთთან შერწყმით, საინტერესო მუსიკა შექმნა. მუსიკა, რომელმაც მილიონობით ადამიანი დააინტერესა. ის მუსიკალური კრიტიკოსების და უბრალო მსმენელის თანაბარ პატივისცემას იმსახურებს.

„გრემის“ მფლობელ შემსრულებელს კიდევ სხვა არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, თუმცა სტუდიურ მუშაობას მიღმა, ის სცენაზეც განუმეორებელია. ენერგეტიკა, რომელსაც მაყურებელს გადასცემს, ნებისმიერი არტისტისთვის სასურველია.

თბილისურ ორსაათიან კონცერტზე ჯეიმიმ მსმენელის მონუსხვა შეძლო. მოგეხსენებათ, აქაური მაყურებელი დიდი სითამამით არ გამოირჩევა, ამიტომაც კონცერტის პირველ ნაწილში როიალიდან სცენაზე გადმოხტომის შემდეგ, მეორე ნაწილში, მუსიკოსმა სცენიდან პირდაპირ დარბაზში ისკუპა, ერთ-ერთი მაყურებლის ქუდიც მოირგო სიამოვნებით, შემდეგ დარბაზს შემოუარა და ყველას სცენისკენ უხმო. ერთმა გოგონამ მასთან სელფის გადაღებაც მოასწრო, თუმცა 37 წლის კალუმი იმდენად სწრაფად მიდი-მოდიოდა დარბაზში, სელფის მოყვარულებმა მისი „გამოჭერა“ ვერ შეძლეს.15045593_1393276050712801_197758770_n

ჯეიმი კალუმმა, როგორც ძალიან საინტერესო პერფორმერმა, ბენდის წევრებთან ერთად, განსაკუთრებული მუსიკალური სანახაობა შემოგვთავაზა. მისი პროგრამა, საკუთარ კომპოზიციებთან ერთად, რამდენიმე ჯაზსტანდარტს და პოპმუსიკის წარმომადგენელთა ნამუშევრების ვერსიებსაც მოიცავს. მაგალითად, როიალზე ხელის დარტყმით, მან სნუპ დოგისა და ფარელ უილიამსის „Drop it like it’s hot“ შეასრულა, ასევე რიანას რამდენიმე სიმღერა გააერთიანა, ბოლოსკენ შესრულდა ბრუნო მარსის ოქროს ჰიტიც. გამორჩეული და ცოტა მუსიკალურად პროვოკაციული იყო „Love For Sale“, მშვიდი და საინტერესო – „what a difference a day makes“.

მსმენელს ამ კონცერტის შემდეგ ჯეიმიზე, როგორც მუსიკოსზე, ორი შთაბეჭდილება დაეუფლებოდა – როცა ის როიალთან მარტო რჩებოდა, მაგალითად, როდესაც ბისზე გამოსულმა „Blackbird“ ბრწყინვალედ შეასრულა, სრულიად განსხვავებული გახლდათ იმ ბიჭისგან, რომელიც მეორე წუთს სრულიად არაჯაზური სიმღერის ხულიგნურ, თავისებურ ვერსიას გვთავაზობდა. აშკარაა, რომ მასში ორი ხელოვანი ცხოვრობს და მსმენელს, რომელიც ჯაზთან სიახლოვეს ვერ განიცდის, მის მიღებას სხვაგვარი ხერხებით აიძულებს.

მისი ლაივკონცერტის მოსმენის შემდეგ შესაძლოა, იფიქროთ, რომ ჯეიმის არ დაუსრულებია მოგზაურობა განსხვავებულ მუსიკალურ ჟანრებს შორის და ამდენწლიანი მოღვაწეობა ამ სფეროში არ დამთავრებულა. ის ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ ხელწერას.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g