LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მე-19 სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ამირანი 2026“

209
BeFunky-collage - 2026-10-19T005707.653

20-25 ოქტომბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის მე-19 სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე ნაჩვენები იქნება გოდერძი ჩოხელის ფილმი „ადგილის დედა“ (1982 წ. 35 წთ) და მოეწყობა ფოტოგამოფენა. 21 ოქტომბრიდან 25ოქტომბრის ჩათვლით, მოეწყობა საკონკურსო კინოჩვენებები, მასტერკლასები და კინოსკოლების პრეზენტაციები, ფიჩინგ ფორუმი და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

ფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამა აერთიანებს 18 ქვეყნის, 23 კინოსკოლის, 32 ფილმს, რომელიც ნაჩვენები იქნება 4 პროგრამად. 21-24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ელდარ შენგელაიას სახელობის კინოდარბაზსა და პირველი სართულის წითელ დარბაზში კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალი იქნება.
საკონკურსო კინოპროგრამის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური, რომლის წევრები არიან ლონდონის კინოსკოლის პროფესორი კრის ოტი, რუმინეთის კინოსკოლის პროფესორი დორუ ნიტესკუ და ქართველი კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანი. 25 ოქტომბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე ჟიური გამოაცხადებს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:

🏆 ფესტივალის გრან-პრი
🏆 საუკეთესო მხატვრული ფილმი
🏆 საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
🏆 საუკეთესო ანიმაციური ფილმი
ღონისძიებაზე, ასევე, გაიცემა სპეციალური დიპლომები იმ კინოპროფესიების მიხედვით, რომლებიც ისწავლება კინოსკოლებში.
რჩეულ ფილმს გადასცემს პრიზს სტუდენტური ჟიურიც თინათინ ასათიანის, სალომე გოგოლისა და მარიამ ნიჟარაძის შემადგენლობით.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ტრადიციული ინდუსტრიული პლატფორმა PITCHING FORUM, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება შვიდი პროექტი. ტუტორი ვახტანგ ჯაჯანიძე, სამი დღის მანძილზე ჩაატარებს ტრენინგს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტის განვითარებაში, ხოლო 24 ოქტომბერს მონაწილეები დამუშავებულ პროექტებს წარუდგენენ ფორუმის ჟიურის წევრებს (გიორგი ხარებავა, თათია ახალშენაშვილი, მარია სიჩანინი).

I, II და III ადგილზე გასული პროექტების ავტორებს გადაეცამათ ფულადი ჯილდოები ფესტივალის მხარდამჭერი ორგანიზაციებისგან, ხოლო საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა” თავის რჩეულ პროექტს ფულად ჯილდოს გადასცემს.
ფესტივალის პროგრამაშია პოლონელი კინოოპერატორის პიოტრ დუდაკის და ლონდონის კინოსკოლის პროფესორის კრის ოტის მასტერკლასები. ასევე, რუმინეთის UNATC, ინდოეთის SATYAJIT RAY FILM AND TELEVISION INSTITUTE და ბრიტანეთის LONDON FILM SCHOOL წარმომადგენლები წარადგენენ კინოსკოლების პრეზენტაციებს. ასევე, მოეწყობა ვიშეგრადის (სლოვაკეთი) ფორუმის პრეზენტაცია, რომელსაც ტერეზა კრავეცოვა გააკეთებს.

ფესტივალის საზეიმო დაჯილდოების ცერემონია 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში ჩატარდება. გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საკონკურსო კინოპროგრამის და ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები, ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნება 2026 წლის გრან პრის მფლობელი ფილმი.
თბილისის სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ამირანი” დაარსდა 1980-იან წლებში. საბჭოთა კავშირში მან თავისი ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ყველაზე თავისუფალმა სტუდენტურმა პლატფორმამ, რომელმაც გამოავლინა და საზოაგადოებას გააცნო იმ თაობის არაერთი ნიჭიერი კინოხელოვანი. 2008 წელს, ფესტივალმა, როგორც აღდგენილმა საერთაშორისო პლატფორმამ, მსოფლიო მასშტაბით, არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას, სფეროს პროფესიონალსა და საინტერესო ფილმს უმასპინძლა; ფესტივალის პრიზები კი მსოფლიოს არაერთი კინოსკოლის მიღწევათა საპატიო ჩამონათვალშია.

ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტი ხორციელდება ქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
ფესტივალის პარტნიორები არიან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო ფორტუნა, კომპანიები TERRA KISI და Lepert • ლეპერტ, რესტორანი „შავი ლომი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები