„24 თებერვალს აქციაზე გასვლით ვამბობთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვიყვარს ჩვენი საკუთარი სიცოცხლე, იმიტომ, რომ რუსეთი, რომელიც ბავშვებს ხოცავს, რომელიც ქვეყნებს ანადგურებს, ჩვენს წინააღმდეგაა,“ – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, მწერალმა ლევან ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემაში „შენი შუადღე“ განაცხადა და 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე, თბილისში უკრაინის სოლიდარობის ნიშნად დაგეგმილ აქციაზე, შეკრების მიზანსა და მასში მოქალაქეების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„24 თებერვალი მსოფლიო თარიღია, ისტორია ამ თარიღის უკვე გარეშე ვერ იარსებებს, რადგან 24 თებერვალს საკითხი ასე უნდა გადაწყვეტილიყო ასე: რუსეთს პრობლემები 5 დღეში უნდა მოეგვარებინა, ვიცი, რომ 3 დღეც იყო ნავარაუდები, მოკლედ რაღაცნაირად ზამთარში უნდა მოემთავრებინათ.
რუსეთმა მისთვის მოულოდნელი წინააღმდეგობა მიიღო. სხვათა შორის, მოულოდნელი რომ იყო, ეს ნიშნავს, რომ რუსეთში არაფერი მუშაობს, არც დაზვერვა. არ ვიცი, რატომ იყო მოულოდნელი, ხომ უნდა სცოდნოდათ მათი ტანკები რა დღეშია და ასევე, უკრაინული. ისინი რომ ბენზინს ყიდდნენ, ტანკებს შლიდნენ და ნაწილებად ყიდდნენ, საერთოდ რუსეთმა ხომ მსოფლიო რეკორდები მოხსნა კორუფციის თვალსაზრისით.
როგორც ვატყობ, კადრებშიც ვერ არიან მთლად მაგრები, იმიტომ რომ, აგერ უკვე, საქართველოს ხელისუფლებას ხალხი მოამაგრეს და რუსები პროპაგანდის ნაწილში ეხმარებიან. არ მჯერა, რომ „ხალხის ძალას“ ან ვიღაცას შეეძლოს სიტყვა სიტყვით იპოვოს ყველაფერი, რაც პუტინმა თქვა და გაიმეოროს.
ამათ შეიძლება არ იციან, რომ რასაც ახლა ლაპარაკობენ, ეგ ყველაფერი უკვე ნათქვამია. ამ შემთხვევაში, რუსეთი ძლიერი არსადაა, არც სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ მათ მთავარი არ იცოდნენ – მათ ეგონათ, რომ უკრაინა, რადგან საბჭოთა ყოფილი ქვეყანაა, შეიძლება ისიც იანგარიშეს, რომ ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, 2014 წლის შემდეგ [2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა] უკრაინაში ყველაფერი ისევ გრძელდებოდა, რომ იმათი ტანკები ისევ არ დადის, როგორც რუსული ტანკები და აქ შეცდნენ.
უკრაინას ამ წლების განმავლობაში, თავისი არმია გაუძლიერებია. როგორ შეიძლება ეს ისე ხდებოდეს, რომ ამას მეზობელი ქვეყანა ვერ ხედავდეს. როგორც წარმოიდგინეს, რომ რუსულენოვან ქალაქს რომ ფრთოსან რაკეტას ესვრის, ხალხი აღფრთოვანებული დახვდებოდა?
დასავლეთი იმიტომაა ძლიერი, რომ ვიღაცებმა ეს მაშინვე თქვეს, რომ აშშ-ს არ ეთანხმებიან, ასეთი რამ იქ ყოველთვის ხდებოდა. ეს ჩვენ, საბჭოთა კავშირში რომ ვიყავით, გვეგონა, რომ აქეთ ვართ უბედურებაში და იქ სრული თანხმობაა, ყველა ერთმანეთს ეხუტება. არც ნავთობზეა დავა, არც ფოლადზე და ა.შ.
ჩვენ ძველი წარმოდგენების ხალხი ვართ და ბუნებრივია, ახლა ყველაფერს ვერ ვხდებით, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ: საქართველოშიც იყო ხალხი, ვისაც ვერ წარმოიდგინა, რომ უკრაინას წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო, საქართველოში დღემდეა ხალხი, ვისაც ამის დაჯერება არათუ არ შეუძლია, არ უნდა, რადგან ეს ნიშნავს, რომ თავი უნდა მოიკლას. მამუკამ [სავ. გულისხმობს მდინარაძეს] თავი უნდა გაიუქმოს.
ირაკლი კობახიძემ უნდა თქვას, რომ ის ვერ ერკვევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძნელია, როდესაც ინტელექტი გაქვს, რაღაც გამოცდილება გაქვს, პატარა ბავშვი ხომ არ არის?! ჩვენ ხანდახან გვინდა აგდებულად წარმოვადგინოთ, მაგრამ იქაც არის ხომ.. ვიღაცას რაღაც უნდა ესმოდეს, მაგრამ ვერაფრით ვერ იჯერებს და ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ ხომ იცით, კაცს რომ ცოლი უღალატებს მთელი ქალაქი გაიგებს, ყველას ეცოდინება მის გარდა.
ირაკლი კობახიძის გარდა უკვე ყველამ, მამუკამაც, სხვებმაც იციან, რომ რუსეთს ომი უკვე წაგებული აქვს, მაგრამ ირაკლის ეს არ შეუძლია, რადგან ეს რომ დავიჯეროთ, მაშინ ბიძინა დაიღუპება. ბიძინა თუ იღუპება, საქართველო ვინ არის, რა არის, რაში სჭირდება ეს ქვეყანა? მთავარია, ბიძინას კაპიტალი არ დაეკარგოს.
ისე მიკვირს, რომ აბსურდის თეატრი სადღაც საფრანგეთშია და საქართველოში არა, იმიტომ რომ არაფერი ისეთი აბსურდული არ არის, როგორც დღევანდელი ვითარება. ქართველების 80% ყველა [თბილისში ეს მეტია, თბილისელებს უფრო მეტად უნდათ ევროპა] გამოკითხვაში ამბობს, რომ ევროპაში უნდა, ხოლო ქალაქ თბილისის მერი ამბობს, რომ თუ ბიძინას აწყენინეს, ეგეთი ევროპა არ მინდაო, მაგას არ უნდა და დანარჩენი მოსახლეობა, რომელსაც უნდა, ამ მერს ვერ ეტყვის, რომ შენ ძმაო, ცოტა თვალში გამოიხედე. მეტოქე იქითაა, ეს ჩვენი კარია და ასე არ შეიძლება, ევროპის გინება არ შეიძლება. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ აზიატები ვართ, ასეთები ვართ, ისეთები ვართ, 1000 წელი თავის ტანსაცმელს გვაცმევდნენ..
ჩვენი სიყვარული ქვეყნისადმი გამოიხატება იმაში, რომ მოძალადის, ჩვენი დამპყრობლის წინააღმდეგ ვიყოთ, არამარტო უკრაინის სოლიდარულები ვართ, არამედ მთელი დასავლეთის მიმართ, რადგან ჩვენ დასავლეთი ვართ.“– განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია, 24 თებერვალს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.