1-ელი მაისიდან, თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„„დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, სრულად ფინანსდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტული კიბოს სკრინინგი და პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები. პროგრამის მიზანია დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება. 2025 წელს „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში 150 367 შემთხვევა დაფინანსდა, აქედან დიდი წილი – 142 203 თბილისის მერიის „ეროვნულ სკრინინგ ცენტრზე“ მოდის.
უახლოეს მომავალში, „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას მეექვსე სახის კვლევა – ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც ასევე სრულად დაფინანსდება. აღნიშნული პროგრამა პირველი მაისიდან ამოქმედდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ძვლის ტვინის გადანერგვის პროგრამაზე საუბრისას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში 2025 წელს 100-მდე შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში, დაახლოებით, 7 700 000 ლარი გადაირიცხა.
კალაძის თქმით, თბილისის მერია ერთი პაციენტის დასაფინანსებლად 10-დან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს.
„2025 წელს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები 347 მოქალაქეს დაუფინანსდა. ერთი მოქალაქის მიერ მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად მერიის მიერ, მინიმუმ, 24 750 და, მაქსიმუმ, 70 110 ლარი გაიცემა. თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამების მიზანი მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენა–გახანგრძლივება და მათი ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაა. პირველ რიგში, მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში იცოდეთ, რომ მუნიციპალიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველანაირად დაგიდგებათ გვერდში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2026 წლის ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით 46 122 590 ლარია.
