კამპანიის „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ ფარგლებში, თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას საახალწლოდ გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარებას სთავაზობს. ინიციატივის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კალაძე განმარტავს, რომ სერიოზული პრობლემაა გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ნაგვის კონტეინერებში მოხვედრა, რაც თავიდან უნდა იყოს არიდებული.
„ჩვენი, ყველას ინტერესია გავუფრთხილდეთ ბუნებას. თბილისის მერია უახლოეს მომავალში აპირებს წამოიწყოს კამპანია „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ და ამ კამპანიის ფარგლებში იწყებს აქციას, რომ ჩავაბაროთ უკვე გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები,“ – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ჩაბარება შესაძლებელი იქნება ვაკის პარკში, კიკვიძის ბაღში, რიყის პარკში, ვერის ბაღში ამისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილებზე. ჩაბარების შემდეგ ისინი დამუშავდება და სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება.