LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიამ პარლამენტს ”სამშენებლო ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი წარუდგინა

137
კალა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს პარლამენტს ”სამშენებლო ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც გარკვეულ დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც მშენებლობის ნებართვის საფუძველზეა ნაწარმოები და მშენებლობა 2020 წლის 18 აგვისტომდეა დასრულებული.

”გასულ წელს ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა საკმაოდ მნიშვნელოვან კანონპროექტზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მას პარლამენტში დიდი მხარდაჭერა ექნება. კანონპროექტი შეეხება სამშენებლო ამნისტიას და გარკვეულ დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. ჩვენ საკანონმდებლო პაკეტი მოვამზადეთ და პარლამენტში წარვადგინეთ.

ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები”. – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში, ამნისტიის გარდა, მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებებია გაწერილი. მათ შორის, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

”ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს დღეს თბილისის მოსახლეობა წარმოადგენს. რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური ზედამხედველობისა და დარღვევებზე სათანადო რეაგირების საშუალებას, თბილისში მივიღეთ ასეულობით დასრულებული მშენებლობა, რომელიც სხვადასხვა დარღვევით განხორციელდა და დღეს, ამ ობიექტების მესაკუთრეებს სწორედ თბილისელები წარმოადგენენ. ჩვენ მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს მხოლოდ ამნისტიას და პატიებას, არამედ აყალიბებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს.

რამდენიმე წლის წინ მსგავს დარღვევებზე გავზარდეთ ჯარიმები, რამაც გარკვეული შედეგები გამოიღო, მაგრამ ფაქტია, რომ ვდგავართ სამშენებლო კომპანიების მხრიდან შეგნებული და მიზანმიმართული დარღვევებისა და მათგან გამოწვეული პრობლემების პირისპირ. სწორედ ამიტომ, შემოგვაქვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. პირველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება ჯარიმა. გადავახდევინებთ ჯარიმას, თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა და შეუსაბამოო არქიტექტურულ ნებართვასთან. თუ ხელმეორედ არ იქნება გამოსწორებული, ეს უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადავა”. – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, საკანონმდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს. კერძოდ, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

”2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობა-ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება, მის ექსპლუატაციაში მიღებამდე. დღეს არსებული საკანონდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. ჩვენ გვახსოვს ამ ყველაფერმა რა პრობლემები შექმნა და ასეთი ნაგებობები ახლაც არსებობს, რადგან კანონი არ ზღუდავს ამ ყველაფერს. იმისთვის, რომ შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა და თავად სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი, აწარმოონ მშენებლობა სამშენებლო ნორმებისა და მშენებლობის ნებართვის შესაბამისად და შენობა შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას. დღეს გვაქვს ასეთი რეალობა: სრულდება მშენებლობა ისე, რომ მშენებელი ექსპლუატაციაში მიღების გარეშეც ახერხებს რეალიზაციას და აღარავის არ აქვს ინტერესი შენობა ექსპლუატაციაში შევიდეს. არის შემთხვევები, როდესაც მშენებელი იღებს თავის შემოსავალს და მასში მცხოვრები ადამიანები დადიან აქეთ-იქით, რომ ექსპლუატაციის პრობლემა მოაგვარონ”. – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

magti 5g