LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა

137
New Project

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერს კახა კალაძესა და ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

შეხვედრაზე თბილისის მეტროს ვაგონების განახლების პროექტის დეტალები მიმოიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ნაბიჯები დაგეგმეს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.

თბილისის მერის განმარტებით, 212 ვაგონი, ჯამში, 45 მატარებელია. პროექტის მიხედვით, 13 ერთეული ოთხვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული ხუთვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.

კახა კალაძის თქმით, პროექტის ჯამური ბიუჯეტი, დაახლოებით, 475 მლნ ევროს შეადგენს და მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები