თბილისის მიკროავტობუსში უფასო WiFi-ით 200-ზე მეტმა მომხმარებელმა უკვე ისარგებლა. როგორც ”ფორტუნას” შპს WiFisher-ის დამფუძნებელმა ნოდარ ივანიძემ განუცხადა, უფასო WiFi სისტემა ჯერჯერობით ხელმისაწვდომია სამარშუტო ხაზ N2-ის მიკროავტობუსებში და მისი შემჩნევა შესაძლებელია სპეციალური სტიკერით – FREE WiFi.
მისივე ინფორმაციით, პროექტი საკმაოდ წარმატებით მინდინარეობს. “ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წინასწარ არანაირი პიარ-კამპანია არ ჩაგვიტარებია, უბრალოდ სამარშუტო ტაქსში გავაკარით სტიკერი, რომელიც უფასო WiFi-ს არსებობას მიანიშნებდა და მისით საკმაოდ ბევრმა მგზავრმა ისარგებლა”,- აღნიშნა ივანიძემ.
მისი თქმით, კომპანია WiFisher გეგმავს პერიოდულად გაზარდოს უფასო ინტერნეტით აღჭურვილი სამარშუტო ტაქსების რაოდენობა. ”გამოწერილი გვაქვს აღჭურვილობა, რომელიც უახლოეს მომავალში ჩამოვა და უკვე სხვა სამარშრუტო ხაზების მიკროავტობუსებშიც დავამონტაჟებთ. იმედია, გაიზრდება სამარშუტო ტაქსებში რეკლამის განთავსების მსურველთა რაოდენობა. რაც მეტი დამკვეთი იქნება, მით მეტ ტრანსპორტში შევძლებთ უფასო WiFi გავუშვათ”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.
აღნიშნულ პროექტს WiFisher – ი ,,თბილისის მიკროავტობუსის’’ მხარდაჭერით ახორციელებს. ,,თბილისის მიკროავტობუსი’’ მიესალმება და ითანამშრომლებს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციების დანერგვას.
ცნობისთვის, შპს WiFisher-ი ქმნის ინოვაციურ სარეკლამო არხს, რაც გულისხმობს WiFi ქსელში რეკლამის განთავსებას. თითოეული მომხმარებელი, რომელსაც სურს გამოიყენოს ინტერნეტი, მის მისაღებად ხედავს წინასწარ დამუშავებულ კონკრეტული კომპანიის ვიზუალს – იქნება ეს სტატიკური ბანერი, მოძრავი სურათი (GIF), ვიდეო თუ სხვა. კომპანიებისთვის ეს პროდუქტი არის კიდევ ერთი საშუალება გაზარდონ საკუთარი პოპულარობა და მომხმარებელთა რაოდენობა.