LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიმდინარე პროექტები

501
01 - ია ვეკუა

თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები უკვე წლებია, რაც სხვადასხვა ასაკის ადამიანების თავშეყრის საყვარელი ადგილებია, თუმცა ისინი მიზიდულობას არა მხოლოდ წიგნებით, არამედ იმ პროექტებითაც ქმნიან, რომლებიც მასში ჩართულ პირებს სხვადასხვა უნარის, ძირითადად, შემოქმედებითი უნარების განვითარების საშუალებას აძლევს.

ია ვეკუა, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

– თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია „60+ კლუბი – ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში დაარსდა. ეს გახლავთ თბილისის მუნიციპალური სერვისი და მისი დამფინანსებელია თბილისის მერია, ერთ-ერთი პარტნიორი კი გაეროს მოსახლეობის ფონდი გახლავთ, რომლის ინიციატივითაც გადავწყვიტეთ ამ პროექტის განხორციელება, პროექტისა, რომელიც აღმოჩნდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში თურმე ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება.

მოგეხსენებათ, ჩვენთან 60 წელი ერთგვარ მიჯნად მიიჩნევა, ასაკად, როდესაც უკვე აქტიურ ცხოვრებას ასრულებ და გადადიხარ მოხუცებულობაში, როდესაც შენთვის ახალი არაფერი უნდა არსებობდეს შვილიშვილების გარდა და ასაკისთვის შესაბამისი ცხოვრების გარდა, თუმცა ეს ასე არ არის. მსოფლიო კვლევები ადასტურებს, მსოფლიო გამოცდილება გვეუბნება, რომ ადამიანისთვის, ისევე, როგორც სიყვარულისთვის, არ არსებობს ასაკი, ყოველთვის შეიძლება, რომ ახალი რამ ისწავლოს, შეიძინოს ახალი მეგობრები, გაიჩინოს ახალი ინტერესები. ან თუნდაც აღმოაჩინოს, რომ თურმე რაღაცის კეთება შესძლებია. ეს აღმოჩენა ადამიანს ახალ სიცოცხლესაც კი აწყებინებს.

ჩვენს კლუბში დღეს, დაახლოებით, 125 ადამიანია გაერთიანებული. სამწუხაროდ, არ გვაქვს უფრო მეტის მიღების საშუალება, თუმცა გვაქვს სათადარიგო სიები, რომლებშიც მსურველები გვყავს აღრიცხული და რომლებიც საკუთარ რიგს მოთმინებით ელოდებიან. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი უფრო გაფართოვდება და უფრო მეტი ადამიანებისთვის გვექნება ადგილი.

კლუბი მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში (ვაჟა-ფშაველას გამზირი #99) მდებარეობს და ის 10-დან 19 საათამდეა ღია. 60 წელს გადაცილებული ადამიანები აქ თითქმის ყოველდღე იკრიბებიან და ხდება მათი სოციალიზაცია და არა მხოლოდ. ეს არ არის მხოლოდ მათი ერთმანეთთან შეხვედრის, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების, რაღაც ახლის შეტყობის ადგილი, არამედ არის ახალი უნარების განვითარების სივრცეც. მათ, ჯერჯერობით, ხატვის და სიმღერის, ასე ვთქვათ, გაკვეთილები უტარდებათ. მსახიობი და მომღერალი ია შუღლიაშვილი გახლავთ სიმღერის, სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი ლექტორი თამარ მალაზონია კი ხატვის მასწავლებელი. გარდა ამისა, კლუბის წევრებს ყოველდღიურად უტარდებათ მათ ასაკზე მორგებული გამაჯანსაღებელი ვარჯიშები. უნდა ნახოთ, როგორია აქტივობა, ეს არის საოცარი სანახაობა. ეს ადამიანები მართლა ბედნიერდებიან, დიდ ენერგიას იღებენ არა მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობით, არამედ იმ ადამიანებთან ურთიერთობითაც, რომლებიც მათთვის ამ ცხოვრებაში ახალ კარს ხსნიან. ბევრმა ადამიანმა სწორედ ჩვენს კლუბში აღმოაჩინა, რომ თურმე სიმღერა, ხატვა შესძლებია.

კლუბი ძალიან აქტიურია და ხშირად ვმართავთ ხოლმე ერთგვარ საანგარიშო ღონისძიებებს. დღეს, 7 მარტს, უკვე მესამედ ვატარებთ შემოქმედებით საღამოს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ჩვენი კლუბის წევრების ნახატები. ისინი, ასევე, შეგვისრულებენ სიმღერებს და ჩვენ მათ საპატიო წევრის სიგელით დავაჯილდოებთ. ეს მათთვის პატარა დღესასწაული იქნება, რომელსაც მართლაც  პატარა ბავშვებივით ელიან. ისეთი გულანთებულები, მონდომებულები, ისეთი კოხტები და ლამაზები არიან ხოლმე ასეთ ღონისძიებებზე, რომ ფიქრობ, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ასეთი დღეები ხშირად არ ჰქონდეთ.

იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენი კლუბის წევრების შვილებს, ოჯახის წევრებს სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდათ მშობლების ამ კლუბში სიარულთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც შედეგი ნახეს, გაოცებულები დარჩნენ – რომ თურმე დედას, რომელიც მანამდე ჩვეულებრივი დიასახლისი იყო, შემოქმედებითი უნარები ჰქონია. ყინული ნამდვილად გალღვა და დღეს შვილები მშობლების ღონისძიებებს ესწრებიან, მათთან ერთად ხარობენ. სიცოცხლეს, ჯანმრთელობასთან ერთად, არაფერი ისე არ ახანგრძლივებს, როგორც შინაგანი განწყობა.

– საგანმანათლებლო პროექტებიც ვახსენოთ – კინოკლუბი მოზარდებისთვის და კითხვისა და შემოქმედებითი აზროვნების კლუბი.

– მოგეხსენებათ, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები თბილისის მერიის სამსახური გახლავთ და ყველა პროექტი, რომლებიც ჩვენთან ხორციელდება, უფასოა. თუმცა, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია ყველას გავწვდეთ. ამიტომაც ბენეფიციარების შეზღუდულ რაოდენობას ვიღებთ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა წარმატებული პროექტი უფრო და უფრო გავაფართოოთ. მაგალითად, კინოკლუბი მოზარდებისთვის ადრე მხოლოდ ერთ ფილიალში – ვარკეთილის მედიათეკაში ფუნქციონირებდა, ახლა კი სამ ფილიალში – დიღმის მასივში, გლდანსა და ვაკეში იმუშავებს. ყველა ეს სივრცე გარემონტებული და სრულიად განახლებულია.

პროექტს „კინოკლუბი მოზარდებისთვის“ Cinema Club-თან ერთად უკვე რამდენიმე წელია, რაც ვახორციელებთ და მისი მეშვეობით მოზარდები სწავლობენ არა მხოლოდ ქართული ან უცხოური კინოს ისტორიას, არამედ სცენარის წერის სპეციფიკას, ეუფლებიან მონტაჟის ელემენტარულ დონეს და რაც ყველაზე მთავარია, თავად წერენ სცენარებს და იღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს. ამ სეზონზე, რომელიც 16 მარტს დაიწყება, გადავწყვიტეთ, ფილმები წიგნის კითხვისა და კონკრეტულად ბიბლიოთეკის პოპულარიზაციის თემაზე გადავიღოთ.

რაც შეეხება კითხვისა და შემოქმედებითი აზროვნების კლუბს, მას გურამ მეგრელიშვილის კლუბთან „ფასკუნჯთან“ ერთად ვახორციელებთ. ისიც მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.  მისი მიზანი არა მხოლოდ ისაა, რომ 10-12 წლის მოსწავლეებს კითხვის სურვილი გაუჩნდეთ, არამედ თავადაც ისწავლონ წერა, წერის ტექნიკას დაეუფლონ, განივითარონ შემოქმედებითი აზროვნება. ერთია რაღაცის წაკითხვა, მაგრამ მეორე მისი გააზრება და შემდეგ ცხოვრებაში გამოყენება. წინა სეზონზე, შემოდგომაზე ამ კლუბისგან ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ და გადავწყვიტეთ, მეორედაც განვახორციელოთ, თან უფრო ფართოდ. მოსწავლეებს 11 მარტიდან ველოდებით დიღმის მასივში, ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში.