საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ინგლისშია, სადაც ჩვენები 27 და 28 თებერვალს ადგილობრივ ნაკრებთან ერთად ვარჯიშებს მართავენ. შაბათს კი, მოგეხსენებათ, რაგბი ევროპის პირველობის მორიგი თამაში გველოდება, ბელგიაში იქაურ ნაკრებთან.
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ ქართულ რაგბის ვრცელი სტატია მიუძღვნა.
საქართვლოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის თქმით, საფრანგეთში დაახლოებით 250 ქართველი თამაშობს და ეს სრული ინფორმაცია არაა.
2018 წლის ოქტომბერში, მილტონ ჰეიგი ტელევიზორში „ტოპ 14“-ის მატჩს ადევნებდა თვალს, როდესაც შენიშნა, რომ „გრენობლის“ შემადგენლობაში ბექა გიგაშვილი თამაშობდა.
“ვიფიქრე, ეს ბიჭი ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა იყოს. გავიკითხე და მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მას საქართველოს არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ჰქონდა ნათამაშები. საფრანგეთში ძალიან ახალგაზრდულ ასაკში წავიდა, სხვადასხვა დაბალ ლიგაში თამაშობდა და საბოლოო ჯამში “გრენობლში” აღმოჩნდა. როცა მისი თამაში ვნახე, გავოგნდი.“
“თუ თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე გაივლი აუცილებლად დაინახავ პოტენციურ ბურჯს, რომელიც ქუჩის კუთხეში დგას და სიგარეტს ეწევა. იქ ყველა კაცს ფართო მხრები აქვს, კისერი კი – არა. ისინი გენეტიკურად ძალიან ძლიერი ხალხია. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საქართველო წყნარი ოკეანის კუნძულელთათვის ევროპის პასუხია. მსოფლიოს ნებისმიერ მწვრთნელს მოეწონებოდა ჩემს ადგილას ყოფნა”.
აი ამიტომ ვარჯიშობს ზედიზედ მეორე წელია ინგლისის ნაკრები საქართველოსთან. არცერთ სხვა ქვეყანას არ გამოსდის ასე კარგად თამაში შერკინებაში. ამან განაპირობა, რომ გრეჰემ როუნტრი საქართველოს ნაკრების შერკინების მწვრთნელად დაინიშნა.
„ამ კაცს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამ ტურზე და სამ მსოფლიო თასზე აქვს ნამუშევარი და ამის მიუხედავად, ქართველ ბურჯებთან მუშაობა მისთვის მაინც ახალი გამოცდილება“, – ამბობს ჰეიგი.
ჰეიგმა გამოცდილი მოთამაშეების ნაწილი სახლში დატოვა და მათ ნაცვლად ინგლისში ახალგაზრდები წაიყვანა. ჰეიგს აქვს საშუალება, შედარებით გამოცდილი მოთამაშეების მაგივრად, ახალგაზრდა კადრებს დაეყრდნოს, როგორებიცაა გიგაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი და 18 წლის ჰუკერი ვანო ქარქაძე.
„შარშან შერკინებით კმაყოფილები დავრჩით. პირველი გამოცდილება იყო და ძალიან მოწადინებულნი ვიყავით. ედი (ედი ჯოუნსი, ინგლისის მთავარი მწვრთნელი) ამბობდა, რომ მისი მოთამაშეები ქართველებთან პაექრობის შემდეგ გაკვირვებულები იყვნენ. ისინი ამჯერად სხვა განწყობით დაგვხვდებიან – არაფერი გაუკვირდებათ. ძალიან მაინტერესებს ამ ფაქტორს ახალგაზრდები როგორ გაუმკლავდებიან“.
როუნთრიზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ქართველების ღონიერებამ მოახდინა:
„ასეთი რამ სავარჯიშო დარბაზში არასდროს მინახავს. ქართველი მორაგბეები საოცარ წონებს ეჭიდებიან.“
„ჩვენი ბიჯები ცალი ხელში 70 კილოგრამიანი გირებით ვარჯიშობენ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაგბიში მთავარი ეს არ არის. თუკი ძალ-ღონე მოედანზეც არ აისახა, ვარჯიში დროის კარგვაა“, – აგრძელებს მის აზრს ჰეიგი.
„ბორჯღალოსნების“ მთავარი პრობლემა უკეთესი ოპონენტების ნაკლებობაა. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, მომდევნო ოთხ წელში პირველი რანგის მეტოქესთან მხოლოდ ხუთი ტესტი ითამაშეს. ჰეიგის აზრით, ქართული რაგბის განვითარებისთვის უკეთეს მოწინააღმდეგეებთან ხშირად დაპირისპირება აუცილებელია.
“მინდა, გვქონდეს შესაძლებლობა, რომ უძლიერეს მეტოქეებთან ვითამაშოთ. განვიხილოთ მატჩები და გავიგოთ, როგორ გავხდეთ უკეთესები. ეს შესანიშნავი იქნება. განვითარება უნდა გავაგრძელოთ” – ამბობს მილტონ ჰეიგი.”
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უკვე რვა წელია ცდილობს ყველას დააჯეროს, რომ თბილისი რაგბის გულშემატკივრებისთვის იდეალური ადგილია და რომ ფული პრობლემა არ იქნება.
„ჩვენ ყველაფერი გვაქვს სათანადო დონის თამაშების გარდა. იქნება ეს „ექვსი ერის“ ფარგლებში, თუ სხვა ფორმატით ჩატარებულ ტურნირზე – ჩვენ ზრდის შანსი უნდა მოგვეცეს.“