თბილისის ჯაზფესტივალი წელს უკვე მეთვრამეტედ ჩატარდება, ტრადიციისამებრ ოქტომბრის ბოლოს. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, ისტერნ პრომოუშენსის“ დირექტორი, გიორგი კერესელიძე, „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი თამარ კირვალიძე და ისრაელის ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი ესწრებოდნენ.
ჯაზფესტივალი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 23- 29 ოქტომბერს გაიმართება. სულ ექვსი კონცერტი შედგება. მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები საქართველოს დედაქალაქს ესტუმრებიან, მათ შორის პიანისტი და მომღერალი დაიანა კროლი, ბასისტი და ვოკალისტი, ესპერანზა სპალდინგი, დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო, ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანედა და ცნობილი მესაყვირე, ავიშა კოენი. სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს ჯგუფი „Fourplay“ საქართველოში დაიწყებს და 29 ოქტომბერს ჯაზფესტივალის დასკვნით აკორდს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აიღებს.