თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 5 000 000-ე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ამ აეროპორტისა და ზოგადად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში.
მეხუთე მემილიონე მგზავრი საფრანგეთის მოქალაქე პიერ ბერეტი იყო, რომელიც თბილისიდან პარიზის მიმართულებით გაფრინდა. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის „ტავ ჯორჯია“ ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი დაჯილდოების სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.
„დღეს 5 დეკემბერია და ჩვენს აეროპორტში წლის განმავლობაში მეხუთე მემილიონე მგზავრს მოვემსახურეთ. 9 ოქტომბერს კი რეკორდული ციფრი აღვნიშნეთ ბათუმში, სადაც ისტორიაში პირველად, წლიურად, მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპის დასაწყისია ჩვენი კომპანიისთვის. მით უმეტეს კი იმ ფონზე, როცა წელს „ტავ ჯორჯიას“ საქართველოში ოპერირების 20 წელი შეუსრულდა და შედარებისთვის გეტყვით, რომ ზუსტად 20 წლის წინ, როცა TAV Airports-მა საქართველოში საქმიანობა დაიწყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი 540 000 იყო. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელიც, ჩვენი კომპანია, ამ 20 წლის განმავლობაში, ჯამში, უკვე მოემსახურა 50 მილიონზე მეტ მგზავრს თბილისსა და ბათუმში. დღეს, 20 წლის შემდეგ, ქვეყნის მთავარ საერთაშორისო კარიბჭეს გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს. ვხედავთ, რომ მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე მატულობს და ჩვენი კომპანია მზად არის დამატებითი ინვესტიციები ჩადოს ჩვენს მართვაში არსებული აეროპორტების განვითარებაში“, – აცხადებს „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.
შეგახსენებთ, „ტავ ჯორჯიამ“ საქართველოში ოპერირება 2005 წელს დაიწყო. დღეისთვის კომპანიას დასაქმებული ჰყავს 1900-ზე მეტი ადამიანი. 20 წლის განმავლობაში „ტავ ჯორჯიას“ ინვესტიციამ 230 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
