თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების აუდიტის (ISAGO) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ორგანიზაცია და მართვა, ჩატვირთვის კონტროლი, მგზავრთა გადაყვანა, საბარგო და საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურება.
ISAGO-ს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურებას ახორციელებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და IATA-ს მოთხოვნების და რეკომენდაციების სრული დაცვით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება როგორც არსებული, ასევე ქართული საავიაციო ბაზრით დაინტერესებული ახალი ავიაკომპანიებისთვის, რამდენადაც ISAGO-ს სერტიფიკატის ფლობა მათთვის უსაფრთხო ოპერირების, მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვის გარანტს წარმოადგენს.
აკრედიტაციის პროცესში ჩართული იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა ძალისხმევისა და ეფექტური მუშაობის შედეგად გათვალისწინებულ ვადებში სერტიფიცირება წარმატებით დასრულდა.
IATA-ს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების აუდიტი (ISAGO) წარმოადგენს საავიაციო ინდუსტრიის გლობალურ, მსოფლიოში აღიარებულ პროგრამას სახმელეთო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისათვის. ISAGO უზრუნველყოფს საექსპლუატაციო პროცედურების სტანდარტიზაციას და ზრდის საუკეთესო პრაქტიკის ჰარმონიზაციას საავიაციო ინდუსტრიაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აკრედიტაციის პროცესი 2023 წელს დაიწყო, რომლის შედეგადაც IATA-ს აუდიტორების მხრიდან განხორციელდა სახმელეთო მომსახურების პროცესების სრულმასშტაბიანი აუდიტი. ISAGO-ს აკრედიტაცია კომპანიას ენიჭება 2 წლის ვადით, რომლის ვადის გასვლის შემდგომ IATA-ს მხრიდან ჩატარდება რესერტიფიცირების აუდიტი. აკრედიტაციის ფლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დღეს, რამდენადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის ძირითადი აქციონერი ფრანგული ADP ჯგუფი გახდა, რომელიც მსოფლიოს 110 აეროპორტში ოპერირებს.