2022 წლის ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 332 999 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადს 17%-ით აღემატება, ხოლო 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით, 67%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ოქტომბერში 52 536 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 17%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11%-ით აღემატება.
„ტავ ჯორჯია“ ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიკურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისთვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1 300 თანამშრომელი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.