LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 16 სექტემბერს გაიხსნება – როგორია წლევანდელი პროგრამა

373
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 16 სექტემბერს გაიხსნება - როგორია წლევანდელი პროგრამა

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე 17 წელია, შემოდგომის თბილისის მთავარი მოვლენაა. გასული წლების მსგავსად, 2025 წელსაც საერთაშორისო ფესტივალი დაუვიწყარ წარმოდგენებს შემოგთავაზებთ. თეატრის, კინოსა და თავბრუდამხვევი ქორეოგრაფიული ნომრების სინთეზი წლევანდელ ფესტივალს დანამდვილებით აქცევს საინტერესო გამოცდილებად.

ფესტივალი 16 სექტემბერს ქართული პროგრამით გაიხსნება, ხოლო 21 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე თბილისი ასეთ მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს თბილისის სხვადასხვა თეატრში:

  • ვერტიგო დანს კომპანი – “მანა”:

“მანა”, ეს არ არის მხოლოდ ცეკვა — ეს არის სხეულის ენით გადმოცემული რიტუალი, რომელიც სინათლესა და მისი მეშვეობით თვითშეცნობას, თვითგანკურნებას მიელტვის.
ნოა ვერტჰაიმი სცენაზე წარმოადგენს უნიკალურ სპირალურ მოძრაობას, რომელიც ენერგეტიკულ იმპულსის საფუძველზე  გარდაიქმნება დახვეწილობისა და საკუთარი თავის მიმღებლობის  ენად  – სიცარიელის განცდა შთაგონებად იქცევა შევსებისა და სრულყოფისათვის.

  • თეატრი გეშერი – რიჩარდ III

ლეგენდარული გეშერის თეატრი წარმოადგენს შექსპირის დრამატულ შედევრს „რიჩარდ III“ — სრულიად ახლებურ, თანამედროვე ინტერპრეტაციას.

ოჯახური დრამიდან სახელმწიფო ტრაგედიამდე – სპექტაკლში სრულებით იშლება ზღვარი პირად ვნებებსა და პოლიტიკას, შემოქმედებასა და რეალობას, წარსულსა და თანამედროვეობას შორის. მიმზიდველი ვიზუალური ესთეტიკით, შთამბეჭდავი შესრულებითა და ბასრი პოლიტიკური ხედვით, დადგმა არა მხოლოდ აცოცხლებს შექსპირის კლასიკას, არამედ ავსებს მას თანამედროვე აქტუალურობითა და მწვავე სოციალური კრიტიკით.

იტაი ტაირანის „რიჩარდ III“ უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ძლიერი სანახაობა, სპექტაკლი მოწოდებაა  თვითანალიზისკენ.

  • Bee Dramaqueens, დიმიტრის კარანზასის სახლი

თანამედროვე ცხოვრების პოეტური მინიმალიზმი და იდენტობის კრიზისი — ამ თემებზე ლაპარაკობს სპექტაკლი „სახლი“, რეჟისორის, დიმიტრის კარანზასის დადგმით.


ორი პერსონაჟი, ორი ხმა — ქალაქური რუტინისა და გარე სამყაროსგან თავის არიდების მცდელობა, არაფრის კეთების ხელოვნება, რომელიც პოეტურ იგავამდეა აყვანილი, მარტივი, უფერული ყოველდღიურობა კი გმირების ფიქრებსა და სცენას სრულიად იპყრობს.

„სახლი” ასახავს იდენტობის მუდმივი დაშლის პროცესს და განთავისუფლებას ოთხ კედელში, რომელიც ერთნარია ყველა მეტროპოლიაში.

  • ნიუ რიგა თეატრი, ფილმსპექტაკლი თეთრი ვერტმფრენი

ლატვიელი რეჟისორი ალვის ჰერმანისი პაპ ბენედიქტ XVI-ის შოკისმომგვრელ, უპრეცედენტო გადადგომის წინა დღეს სრულიად ახლებურად გადმოგვცემს.

მიხეილ ბარიშნიკოვის გენიალური შესრულებით ტკბობის გარდა, მაყურებელს ენერგიულ ინტელექტუალურ პროცესში მოუწევს ჩართვა.
ეს ფილმი არ არის მხოლოდ კადრი — ესაა ცეკვა კამერასთან, რუკად ქცეული სახით, რომელიც გიწვევთ ჭვრეტისა და დიალოგისათვის იმაზე, რას ნიშნავს დატოვო ძალაუფლება და რა იმალება გადაწყვეტილების მიღმა.

  • TRAPLORD — ივან ბლექსტოკ კომპანი

და ბოლოს, TRAPLORD — ლონდონელი მულტიდისციპლინარული არტისტის, ივან ბლექსტოკის შთამბეჭდავი სპექტაკლი, რომელმაც 2023 წლის Olivier Award მოიპოვა.
TRAPLORD ფერადკანიანთა კულტურის, მენტალური ჯანმრთელობისა და მასკულინურობის უნიკალურ კვლევას გვთავაზობს ცეკვის, პოეზიის, მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების გზით.

ფესტივალი იმართება თიბისი კონცეპტისა და ვიზას გენერალური სპონსორობით. მაყურებელი ბილეთების შეძენას შეძლებს TKT.GE-ს მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g