თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2024 წლის 25 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს.
უკვე 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პირველი სიმპოზიუმი ჩატარდა და 80-იანი წლებიდან დაწყებულმა საერთაშორისო კონფერენციებმა 2002 წლიდან „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმის” სახელწოდებით გააგრძელეს არსებობა.
იუნესკოს მიერ 2001 წ. ქართული პოლიფონიის „კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრად” აღიარების შემდეგ, პირველმა თბილისურმა სიმპოზიუმმა დიდი ინტერესი გამოიწვია ეთნომუსიკალურ წრეებში და მას შემდეგ მან მრავალხმიანობის მკვლევარ მსოფლიოში სახელგანთქმულ მრავალ მეცნიერს უმასპინძლა.
თბილისის სიმპოზიუმები წარმოაჩენენ მრავალხმიანობის კვლევის თანამედროვე ტენდენციებს და ხელს უწყობენ ქართული ეთნომუსიკოლოგიის ინტეგრაციას დასავლურ მეცნიერებასთან. სიმპოზიუმებმა ქართული პოლიფონიისადმი ინტერესი გააღვივეს უცხოელ მკვლევრებში, რომლებიც ერთხმად აღიარებენ მის განსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოს ხალხთა მუსიკალურ კულტურაში.
მეთორმეტე სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 20 ქვეყნის 52 მეცნიერი, მათ შორის, 35 – უცხოეთიდან.
სიმპოზიუმი გაიხსნება უცხოური, ქართული სტუდენტური და ბავშვთა ანსამბლების კონცერტით. სიმპოზიუმი საზეიმოდ დაიხურება ერთი ხეობის ფოლკლორი – მარეთის (აჭარა) კონცერტით.
წლევანდელი სიმპოზიუმის ფარგლებში ნაჩვენები იქნება შვეიცარიელი ეთნომუსიკოლოგისა და რეჟისორის ფილმი „იოდელისა და იოიკის ტრადიციის მიღმა“.
მე-12 სიმპოზიუმის მონაწილეები საჩუქრად მიიღებენ მე-11 სიმპოზიუმის მოხსენებების კრებულს. დისტანციური ფორმატით მონაწილე მეცნიერებს, ყველა სხვა დაინტერესებულ პირთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ აღნიშნულ კრებულს გაეცნონ ვებგვერდებზე www.polyphony.ge; www.polyphonysymposium.ge