29 მაისს, 20.00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ კლავირის პრეზენტაცია.
საღამო მიეძღვნება კომპოზიტორის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს. კონცერტში მონაწილეობენ კონსერვატორიის სოლო სიმღერის მიმართულების პედაგოგები და სტუდენტები. შესრულდება ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
საგამომცემლო პროექტი, რომელიც მოიცავდა დიმიტრი არაყიშვილის ოპერის კლავირის ხელნაწერის გაციფრებას და გამოცემას განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა. „თქმულება შოთა რუსთაველზე“ საოპერო კლავირების გამოცემათა სერიის მეორე ნაშრომია. პირველი გახლდათ მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“ – პირველი ქართული ოპერა.
საგამომცემლო პროექტი განხორციელდა მეცენატ ფრედერიკ პოულსენისა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.
გამოცემა მოიცავს ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ როგორც სანოტო მასალას, ისე კომპოზიტორისა და ნაწარმოების შესახებ ინფორმაციას, ფოტოებსა და ოპერის ერთადერთ, თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდიის 1966 წლის საარქივო ჩანაწერს.
გამოცემაზე მუშაობდნენ კონსერვატორიის პროფესორი, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი მარინა ქავთარაძე, მუსიკალური რედაქტორი გიორგი შავერზაშვილი და დიზაინერი მანანა გუნია. პროექტის სამუშაო გუნდის მენეჯერი დავით გოგოლაშვილი. კლავირი დაიბეჭდა სტამბა „სეზანში“.
კლავირის გამოცემები გადაეცემა საქართველოში მოქმედ ყველა საოპერო თეატრს, ასევე უმაღლეს სამუსიკო სასწავლებლებს, სახელოვნებო უწყებებს, მუზეუმებს, ბიბლიოთეკებს, მუსიკალურ სკოლებს და არქივებს. გამოცემა მომღერლებს, კონცერტმაისტერებსა და დირიჟორებს ოპერაზე მუშაობისა და მისი შესწავლის საშუალებას მისცემს. ასევე, მოამზადებს დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ თეატრების რეპერტუარში დაბრუნების საფუძველს.
YTA UNION-ის ინფორმაციით, ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს საგამომცემლო პროექტებზე მუშაობას, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის მიზნით საქმიანობას გუნდთან, დონორებთან და პარტნიორებთან ერთად.
ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი გულწრფელ მადლობას უხდის პროექტის დონორებს და პარტნიორებს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის, ასევე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს დიმიტრი არაყიშვილის მემკვიდრეების მიმართ ნდობისა და საარქივო მასალების მიწოდებისათვის.