LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული თსსუ-ის სტუდენტების ხსოვნას პატივი მიაგეს

416
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აფხაზეთის ომში  გმირულად  დაღუპული  თსსუ-ის სტუდენტების ხსოვნას პატივი მიაგეს

2024 წლის 27 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ეზოში, აფხაზეთის ომში  გმირულად  დაღუპული  სტუდენტების: ვასილ კილაძის, ილია მელაძის, გიორგი მიროტაძის, რევაზ მუმლაძისა  და ნიკოლოზ ღიბრაძის სახელების უკვდავსაყოფად აღმართულ  მემორიალთან შეიკრიბნენ  თსსუ-ის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ომში დაღუპული გმირების მშობლები და ახლობლები. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, სანთლები დაანთეს და გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი  ნატროშვილმა.

„უმძიმესი დღეა დღეს საქართველოს ისტორიაში. 31  წელი შესრულდა იმ დღიდან, როდესაც ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები. განსაკუთრებულად რთულია საუბარი იმაზე, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები, სულ ახალგაზრდა ყმაწვილები წავიდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ბრძოლა და თავგანწირვა უშედეგოდ არ ჩაივლის და საქართველო ისევ იქნება ერთიანი. ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, ამ ადამიანების ხსოვნას მივაგოთ პატივი“, – განაცხადა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

ომში გმირულად დაღუპული სტუდენტების: გიორგი მიროტაძის და ნიკოლოზ ღიბრაძის მშობლებმა – ლევან მიროტაძემ,  ავთანდილ ღიბრაძემ და ნანა ბეგაშვილმა მადლობა გადაუხადეს თსსუ-ის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციას და თსსუ-ის რექტორს იმისთვის, რომ ტრადიცია გრძელდება და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ომში დაღუპული თსსუ-ის სტუდენტების მემორიალთან  ყოველი წლის 27 სექტემბერს იკრიბებიან და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.

„ჩვენ დღეს ვართ, მაგრამ ხვალ აღარ ვიქნებით, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი შვილების პატივსაცემად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იკრიბებიან, სანთლებს ანთებენ და დიდი პატივით იხსენებენ. ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. როცა ვიცით, რომ გახსოვთ, მათ სახელებს კითხულობთ მემორიალზე და პატივის მიაგებთ.. სიცოცხლე თითქოს გრძელდება. დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ამ ტრადიციისთვის“, – აღნიშნეს ომში გმირულად დაღუპული სტუდენტების მშობლებმა.

აფხაზეთის ომში დაღუპული სტუდენტები გაიხსენა თსსუ-ის კურსდამთავრებულმა, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, მწერალმა ზურაბ ლეშკაშელმა. 

„აფხაზეთის ომში დაღუპული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მშობლების მხრებზე ძალიან დიდი ტრაგედიაა, თუმცა დიდი სიამაყით უნდა აცნობიერებდნენ, რომ სამშობლოს გმირი შვილები გაუზარდეს.

თქვენ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები, ყველაფერს აკეთებთ, რომ მომავალმა თაობამ დააფასოს ამ ბიჭების გმირობა და თავდადება ერთიანი საქართველოსთვის“, – თქვა სიტყვით გამოსვლისას ბატონმა ზურაბ ლეშკაშელმა.

ვასილ კილაძე, ილია მელაძე, გიორგი მიროტაძე, რევაზ მუმლაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მათი სახელები დავიწყებას არასოდეს მიეცემა.

magti 5g