LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირებაზე მყოფ ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს თსსუ-ის საპატიო დოქტორი ირმა კვიცარიძე შეხვდა

1304
ქავერი

2022 წლის 1 ივლისიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ბილატერალური ხელშეკრულების ფარგლებში, გაცვლითი პროგრამით, სტაჟირების გასავლელად, თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტში, პროფესორ გია თომაძის ხელმძღვანელობით, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მიქაელა შნაიდერი და ოლივერ ელიას ფუქსი იმყოფებიან.

21 ივლისს ქირურგიის დეპარტამენტს ქართულ-ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის არსებული ხელშეკრულების ერთ-ერთი ინიციატორი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, თსსუ-ის კურსდამთავრებული, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის  რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე სტუმრობდა, რომელიც ადგილზე გაეცნო ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირების პროცესს.

,,უკვე ხუთი წელია, რაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაცვლითი პროგრამა არსებობს. ეს პროგრამა ატარებს პროფესორ მანანა ქუთელიას სახელს, რადგან წლების წინ ხელშეკრულების დასადებად მზადება მისი ინიციატივით და ძალისხმევით დაიწყო.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, არამხოლოდ ქართველი სტუდენტები ჩამოდიან ავსტრიაში, არამედ ავსტრიელი სტუდენტებიც გადიან კლინიკურ სტაჟირებას თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში. პროგრამა ასევე მოიცავს ექიმთა გაცვლას, ერთობლივ სამეცნიერო სამუშაოებს, სტუმარი ექიმის სტატუსით ავსტრიაში საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ავსტრიელი სტუდენტებისგან ძალიან კარგი გამოხმაურებები აქვს თსსუ-ის დეპარტამენტებს, მათ პროფესორებს, ჩემს ქართველ კოლეგებს. სტუდენტები საუკეთესო შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან უკან ავსტრიაში, უზიარებენ კოლეგებს საქართველოში მიღებულ გამოცდილებას და გამოთქვამენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირების კიდევ გავლის სურვილს, რამდენიმემ კი სურვილი გამოთქვა მედიცინის სწავლა საქართველოში გააგრძელოს.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ქართველ კოლეგებს, რომლებიც მხარს უჭერენ პროექტს, უზიარებენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას საერთაშორისო სტუდენტებს. ვფიქრობ, რომ ეს არის ქართული მედიცინის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რადგან ევროპა ჩვენი სახლია“ – განაცხადა თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, ქალბატონმა ირმა კვიცარიძემ.

აღსანიშნავია, რომ მიქაელა შნაიდერი და ოლივერ ელიას ფუქსი ქირურგიის დეპარტამენტში სტაჟირებას 2022 წლის 11 აგვისტომდე გაივლიან, ხოლო 11 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ისინი თსსუ-ის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე გააგრძელებენ კლინიკურ საქმიანობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g