LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა უკრაინის მხარდამჭერ მიმართვას ავრცელებს

92
272016471-343992590713358-8151491131193205530-n

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკრაინის მხარდამჭერი მიმართვა გაავრცელეს.

ოფიციალური კიევისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდამჭერი მიმართვა საზოგადოებას დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გააცნო.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმართვას თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო კიევის საქალაქო საბჭოში უახლოეს დღეებში გააგზავნის.

მათივე ცნობით, მიმართვის შინაარსს საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ ეთანხმება და მასზე ხელმოწერას არ აპირებს.

„ძვირფასო კოლეგებო, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებს გვსურს, სრული მხარდაჭერა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი ქალაქის, კიევის და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ერთგულები ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, მათ შორის, რა თქმა უნდა, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო, რაც ახალი საფრთხის რისკებს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ვგმობთ ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება, იყოს მიმართული. აქვე ვაცხადებთ, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. დღეს უკრაინაში შესაძლო ომის არდაშვება უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს და ქალაქ კიევის რადას“, – ნათქვამია თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g