გოგა ჩანადირი ამბობს, რომ ახალი სავაჭრო ცენტრის წარწერა “გალერია” არასწორია.
როგორც ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, ამ სიტყვის ერთადერთი სწორი ფორმა “გალერეაა” და ეს უკვე ძალიან ბევრ ლექსიკონში გადაამოწმა.
ფოტოგრაფის თქმით, ამ საკითხზე სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელსაც ესაუბრა.
“მას შემდეგ, რაც თბილისის ახალ სავაჭრო ცენტრზე წარწერა “გალერია” გაჩნდა, სიტყვის სისწორეზე კვლევა დავიწყე.
რამდენიმე ლექსიკონი გადავამოწმე, რომელსაც, სხვათა შორის, ენათმეცნიერებმა “სიტყვარი” დაარქვეს, ვესაუბრე სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელს, ასევე სპეციალისტებს, ვიკამათე სოცქსელებში, გადავხედე უცხოურ მაგალითებსაც, სადაც galleria-ც არის და gallery-ც.
წარმომადგენელმა (ქეთიმ) მითხრა, რომ გალერია მინაში ჩასმული თანამედროვე სავაჭრო ცენტრია და გალერეასგან განსხვავდება.
გადამოწმების შემდეგ, “გალერია” (galleria) იყო შემინულიც, ნაწილობრივ შემინულიცა და შეუმინავიც.
ინგლისსა და ბევრ ქვეყანაში ეს სიტყვა გამოიყენება სავაჭრო ცენტრების აღსანიშნავად და უკავშირდება იტალიურ (ლათინურ) წარმომავლობას. გალერეა კი ძირითადად სახელოვნებო სივრცისთვის იყენებენ.
ჩვენი ლექსიკონების თანახმად, ქართულის შემთხვევაში, ორივე ფორმა გადმოდის გალერ-ე-ად.
მოკლედ, არცთუ ხანმოკლე ძიების შემდეგ, დავასკვენი, რომ თბილისის სავაჭრო ცენტრზე წარწერა “გალერია” არის შეცდომა. უნდა იყოს გალერეა. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე გალერია ლექსიკონებში მაინც არ შევა, არასწორი ფორმაა და გასასწორებელია”, – წერს გოგა ჩანადირი.