LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის შემოგარენში საკემპინგო ადგილების მოწყობა იგეგმება

287
Camping-My-Poconos

შიდა ტურიზმის გამოცოცხლების მიზნით, თბილისისა და სხვა ქალაქების შემოგარენში საკემპინგო ადგილების მოწყობა იგეგმება. პროექტის ინიციატორი კომპანია „არსია“.

როგორც იდეის ავტორები განმარტავენ, კემპინგის ხელშეწყობა მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს შიდა ტურიზმს, ახალგაზრდებს გართობისა და დასვენების კარგ შესაძლებლობას შეუქმნის. გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც უნდათ, შემოსავლის დამატებითი წყარო ჰქონდეთ, საშუალება ექნებათ, კემპინგის ტერიტორიაზე წამოიწყონ პატარ-პატარა საქმიანობები, მაგალითად, გააქირაონ კარვები, ველოსიპედები, ცხენები, შეზლონგები…

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ინიციატივა უკვე რამდენიმე წელია არსებობს და მუშავდება, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, საერთაშორისო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, მისი განხორციელება კიდევ უფრო საინტერესო და სასარგებლო იქნება.

„არსებული რეალობიდან გამომდინარე, როცა საზღვარგარეთ დასვენების საშუალება შეზღუდულია, საჭიროა, ადგილზე განვავითაროთ რეკრეაციისა და გართობის შესაძლებლობები. ინიციატივა ზუსტად ეხმიანება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ შიდა ტურიზმი უნდა გავააქტიუროთ. ვფიქრობთ, ქვეყანაში და, პირველ რიგში, თბილისის შემოგარენში საკემპინგო ადგილების ქსელის განვითარებით ჩვენ ერთდროულად რამდენიმე ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამას არ სჭირდება დიდი დრო და ფინანსები. მარტივად, რამდენიმე დღეში შეიძლება სივრცეების მოწყობა და დასვენებისთვის საუკეთესო ლოკაციების შექმნა“, – აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.

იდეის რეალიზაციის შემთხვევაში, დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი ან რამდენიმე დღით დალაშქრონ ერთი, ან რამდენიმე გადაბმული საკემპინგო ლოკაცია, დაკავდნენ სპორტით, იცურაონ მდინარეში, გაირუჯონ, მოაწყონ სხვადასხვა კონკურსი და შეჯიბრება, მოუსმინონ მუსიკას, იცეკვონ, ითამაშონ სხვადასხვა სახის თამაშები და ა.შ.

„ინიციატივის განხორციელებისთვის ახლა ყველაზე კარგი დროა, მუშაობის დაწყება კი უახლოეს დღეებშივეა შესაძლებელი“, – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g