თბილისის შემოსასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის და უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით.
”პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის დაგება, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების, ავტოპავილიონების, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების და საგზაო ნიშნების მოწყობა და ასევე, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა”, – განმარტავებ გზების დეპარტამენტში და აღნიშნავენ, რომ ამჟამად, გზის გვერდულების და სარეაბილიტაციო მონაკვეთზე არსებული ხიდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზის 14,7 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 მილიონ 121 ათასი ლარია.