თბილისმა HR პროფესიონალთა გილდიის მიერ ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო HR კონფერენციას – „თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები ადამიანური რესურსების მართვაში“ უმასპინძლა. ღონისძიება ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შემოღებას, მათი დანერგვის გზებისა და შესაძლებლობების გამოვლენას ისახავდა მიზნად. კონფერენციაში მონაწილეობა სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და კერძო კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მიიღეს.
„ყველაზე ფასეული სიმდიდრე, რაც გააჩნია ორგანიზაციას, ეს არის ადმიანური რესურსები, ხოლო მისი ოსტატური მართვა ორგანიზაციის დასახული მიზნების მიღწევის და წარმატების საწინდარია. მართვის ხელოვნების ფლობა თავისთავში მოიცავს იმ ცვლილებების გათვალისწინებას, რომელიც თანამდეროვე ტენდენციებმა მოიტანეს. გამოწვევების დაძლევა აუცილებლად მოითხოვს ინოვაციური, ტექნიკური თუ ტექნოლოგიური, დემოგრაფიული თუ გლობალიზაციით გამოწვეული ცვლილებების გათვალისწინებას, ვინაიდან იგი უშუალო გავლენას ახდენს სამუშაოს შინაარსისა თუ პროცესების სისტემატიზაციაზე. მეორე საერთაშორისო HR კონფერენცია, ეძღვნება თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების დაძლევის საკითხებს, რომელიც მოითხოვს ახლებურ მიდგომას ადამიანური რესურსების მართვისადმი“, – განაცხადა HR პროფესიონალთა გილდიის დამფუძნებელმა ლილი ბიბილაშვილმა.
მეორე საერთაშორისო HR კონფერენციაზე „თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები ადამიანური რესურსების მართვის სფეროში“ აქცენტები გაკეთდა იმ პროცესებზე, რომლებიც განსაზღვრავს ცვლილებებს ორგანიზაციის მიდგომაში და ახლებურ ხედვაში ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით.
HR კონფერენციის სპონსორები იყვნენ :„Efes საქართველო – ლუდსახარში ნატახტარი“ – პლატინის სპონსორი; „HR PARTNERS” – ოქროს სპონსორი. მეორე საერთაშორისო HR კონფერენციის მხარდამჭერები კი „ვისოლ ჯგუფი“ და „ჯეოსელი“ იყვნენ.