თურქული მრავალპროფილიანი კლინიკა „აჯიბადემის“ ოფისმა თბილისში მუშაობა დღეიდან დაიწყო. კლინიკის წარმომადგენლობა მოქალაქეებს თურქეთში, კლინიკასთან დაკავშირებასა და საჭირო დოკუმენტების მომზადებაში უსასყიდლოდ დაეხმარება.
„პაციენტებს ჩვენთან მოაქვთ თავიანთი დიაგნოზი, რომელიც ითარგმნება ოფისში და იგზავნება თურქეთში. ერთი კვირის განმავლობაში კი მოდის პასუხი. ჩვენი ოფისი იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას, უზრუნველყოს პაციენტის ჩასვლა თურქეთში, მისი კონსულტაციაზე ჩაწერა. პაციენტს მოემსახურება თარჯიმანიც- ეს ყოველივე იქნება უფასო. პაციენტი მკურნალობისას ანგარიშწორებას ახდენს მხოლოდ საავადმყოფოსთან ”, – აღნიშნა „აჯიბადემის“ თბილისის ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეკლე მუმლაძემ.
მისივე ინფორმაციით, იგეგმება ასევე ქართველი ექიმების „აჯიბადემის“ კლინიკებში გაგზავნა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ცნობისთვის, ჩვენს ქვეყანაში ”აჯიბადემის” ოფიციალური ოფისი ჭავჭავაძის ქ. #58-ში გაიხსნა. ”აჯიბადემს” მსოფლიოს მასშტაბით უკვე 30 ოფისი აქვს, მათ შორის ერთი საქართველოში.