თბილისში, 2021 წლის დეკემბერში 4,703 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 59%-ით მეტია, – ამის შესახებ საუბარია Colliers International Georgia-ს კვლევაში.
მათივე ცნობით, უნდა აღინიშნოს, რომ 406 ტრანზაქცია დარეგისტრირდა როგორც ტრანსფერი ორ დეველოპერს შორის. ამ მაჩვენებლის გათვალისწინების გარეშე, მოთხოვნის ზრდა 45% შეადგენს. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 66%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 230 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2021 წლის დეკემბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 3,499 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 80%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა.
2021 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 23%-ით, 53 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა. მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობა, შესაბამისად, 66% და 140%-ით გაიზარდა.