5 ივნისს, კულტურის ცენტრ „ფაბრიკაში“ YES-Georgia -ს ფარგლებში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართება.
ფორუმი მიზნად ისახავს შექმნას ისეთი პლატფორმა დისკუსიისთვის, სადაც შეფასდება ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით მიღწევები და გამოწვევები და გადაისინჯება ახალგაზრდების დასაქმების სტრატეგიები და პრაქტიკები.
ფორუმზე მოწვეულნი იქნებიან მთავრობის გადაწყვეტილების მიმღები პირები, ბიზნესის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და განათლების ექსპერტები, რათა მოხდეს მომავალი გზების და სტრატეგიების განხილვა საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.
ფორუმის დღის წესრიგი მოიცავს კონფერენციის მონაწილეთა გამოსვლებს და პანელებს, სადაც ყურადღება გამახვილდება ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე და გამოწვევებზე და საუბარი იქნება ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკასა და სტრატეგიებზე. პანელებზე განხილული იქნება არსებული ხარვეზები და გამოცდილებები, ასევე მიღწეული წარმატებები ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით. განხილული იქნება ასევე, ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარების და განათლების საკითხები, როგორც დასაქმების უმმნიშვნელოვანესი მექანიზმები, ის, რომ განათლებაზე, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქალების და მამაკაცების ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, რაც შესაბამისად, გაზრდის მათ წვლილს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.
ფორუმი უზრუნველყოფს პლატფორმას, რათა საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების საკითხები პოლიტიკის დღის წესრიგში აქტუალური იყოს.
ფორუმის ორგანიზატორია პროგრამა YES Georgia, რომელსაც ახორციელებს ფონდი „კრისტალი“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით პარტნიორებთან “PH International”-თან და მისო ‘’კრისტალთან’’ ერთად. პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდების დასაქმებას საქართველოში ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების გზით და სტაჟირების პროგრამების დანერგვის მხარდაჭერით. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ასევე USAID-ის პროექტები G4G და ZRDA, რომლებიც ასევე აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდულ პროგრამებზე.
ფორუმის პარალელურად პროექტები Yes-Georgia, G4G და ZRDA მოაწყობენ პროექტების ბენეფიციარი კომპანიების და ორგანიზაციების საქმიანობის და შედეგების ექსპოზიციას.