ხვალ, 11 მარტს, 11:00 საათზე, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა, თბილისი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის პროექტ „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) და AIESEC-ის ორგანიზებით საქართველოში პირველად ახალგაზრდული ინოვაციების სამიტი ჩატარდება.
ღონისძების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს ინოვაციური ბიზნეს იდეების ფორმირებასა და სტარტაპ კომპანიების განვითარებაში. სამიტზე წარმოდგენილნი იქნებიან მომხსენებლები, რომლებმაც ადრეულ ასაკში შეძლეს შეექმნათ წარმატებული ინოვაციური კომპანიები. ისინი ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. სამიტის მეორე ბლოკში მონაწილეები გაეცნობიან იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მათ საკუთარი კრეატიული იდეების განვითარებაში დაეხმარებათ.
როგორც სააგენტოში განაცხადეს, ინოვაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში ახალგაზრდებს უდიდესი როლი აქვთ. ამავდროულად, ინოვაციები განსაკუთრებით მნიშნელოვანია სახელმწიფოსათვის, რამდენადაც ის წარმოადგენს ინსტრუმენტს ახალი, მომავლის პროფესიების შესაქმნელად, ასევე შემოსავლების ზრდისა და ახალი, ფართო საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
“ვინაიდან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ორიენტირებულია მომსახურებების, ინსტრუმენტების, პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირებაზე, ისინოვაციების ახალგაზრდულ სამიტს ყოველწლიურ სახეს მისცემს, რაც კრეატიული და ინოვაციური საზოგადოების ფორმირებას შეუწყობს ხელს,”- განაცხადეს სააგენტოში.