ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტების დამზადება-გასაღებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ბრალდებულებს, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ ცხოველთა სასაკლაო:
“ადგილზე შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულვებელყოფით, ახორციელებდნენ საქონლის, მათ შორის დაავადებული ან მკვდარი ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბაზრობაზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ხორცის სახით.” – აღნიშნულია განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სასაკლაოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ცხენის ხორცი, სხვადასხვა საქონლის, მათ შორის ვირის ნარჩენები და დასაკლავად განკუთვნილი ორი კვიცი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 197(1) მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
როგორც საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.