LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისში დავბრუნდი თუ არა, პირდაპირ გავვარდი და შევიჭერი ფრანგული კარე პარიზული შთაგონებით…“ ნინო ჩხეიძის ვოიაჟი ოჯახთან ერთად

2415
443eb525-1463-4be7-a720-69a7aca01cf2

ნინო ჩხეიძე ახლახან მეუღლესთან, გიორგი კორახაშვილთან და ქალიშვილთან, მარიამთან ერთად საახალწლოდ პარიზში იმყოფებოდა. ეს არის ქალაქი, რომელიც მომღერალს, თბილისის შემდეგ, ყველაზე ძალიან უყვარს და როგორც თავად ამბობს, 60-ჯერ მაინც არის ნამყოფი, თუმცა როცა არჩევანი აქვს, ისევ პარიზისკენ მიუწევს გული.

ნინო, პარიზში ოჯახთან ერთად იმყოფებოდი. მერამდენედ აარჩიე სამოგზაუროდ ეს ქალაქი?

დათვლილი არ მაქვს, მაგრამ ალბათ, მინიმუმ 60-ჯერ ვარ ნამყოფი. ზოგადად, არაერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ როცა მინდა დასვენება და განტვირთვა, ყოველთვის ვირჩევ პარიზს. ძალიან კარგად ვიცი პარიზში ყველაფერი, ქუჩები, ადგილები, უამრავი ნაცნობი მყავს, მოკლედ, ეს ქალაქი ჩემთან ძალიან ახლოს არის. ბევრს ჰგონია, პარიზი იმიტომ მიყვარს, რომ შოპინგია, მაგრამ ეს არ არის მიზეზი. როცა ქუჩებში დავდივარ და ვათვალიერებ არქიტექტურას, გარემო და აურა ძალიან მაბედნიერებს, ერთ წამში ბედნიერი ვხდები. საკმაოდ დატვირთული იყო 2025 წელი, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და განსაკუთრებული ახალი წელი მქონოდა, თუმცა არაერთხელ ვარ შეხვედრილი პარიზში ახალ წელს თუ დაბადების დღეს. ვიცოდი დაახლოებით, რა იქნებოდა… თუმცა რამდენჯერაც უნდა ჩავიდე პარიზში, სულ განსხვავებული იქნება. წელს იყო მშვიდი და წყნარი მოგზაურობა, უფრო მეტად დავდიოდით ქუჩებში, ვსეირნობდით, გადავედით სხვადასხვა ქალაქში. ძალიან კარგი იყო… დავისვენე და განვიტვირთე. ერთი კვირა ვიყავით, სიმართლე გითხრა, ცოტა მწყდებოდა გული, წამოსვლამ რომ მომიწია. მქონია პერიოდი, როცა სამი თვე პარიზში ვცხოვრობდი და ერთი სული მქონდა, როდის დავუბრუნდებოდი თბილისს.

როგორც კადრებიდან ვნახე, პარიზის ცნობილ სასტუმრო „რიცშიც“ იყავი და ტედი დათუნია შეიძინე, რაც ამ სასტუმროს ერთ-ერთი ცნობილი აქსესუარია.

ძალიან მინდოდა ტედი დათუნიას შეძენა და იყო უშველებელი რიგი, დაახლოებით ორი საათი ვიდექი დათუნიას შესაძენ რიგში. იყიდება ცხელი შოკოლადი და დათუნია. პატარა ზომის ღირს 90 ევრო, მაგრამ იყო 400 ევროდ შეფასებულიც, უფრო დიდი ზომის.

საახალწლოდ „რიცში“ ყოველ წელს განსაკუთრებული ნაძვის ხე ეწყობა. არაერთ ახალ წელს მაქვს იქ ფოტო გადაღებული. დათუნიას რიგში არასდროს ვმდგარვარ, მანამდეც ვყოფილვარ და ასეთი დიდხნიანი რიგი არ ყოფილა ნამდვილად. ჩემს ასაკს კი არ შეეფერება დათუნია, მაგრამ ძალიან მიყვარს, ოცნება ავიხდინე და შევიძინე. დათუნიას პარკი ქუჩაში რომ მომქონდა, მეგონა, ხელიდან გამომგლეჯდნენ, ყველას სურდა შეძენა, მაგრამ ძალიან დიდი რიგი იყო.

„რიცი“ ჩემი საყვარელი სასტუმროა, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია პარიზში. იქ არის კოკო შანელის ოთახი, მაგრამ ვერასდროს მოვახერხე იქ შესვლა. ნომერი არ ქირავდება, დაკეტილია. ამბობენ, არ ვიცი, რამდენად სწორია, რომ შეიძლება შესვლა და დათვალიერება, ისე მაინტერესებს…

„შანელი“ ახსენე და შოპინგის თემაზეც გადავინაცვლოთ – ახლა კი ამბობ, რომ შოპინგი შენთვის აღარ არის პირველხარისხოვანი, მაგრამ იყო დრო, როდესაც პარიზში „შანელის“ მაღაზიაში სასურველი კლიენტი იყავი… წელს თუ ესტუმრე?

გაგიკვირდება და განსაკუთრებული არაფერი შემიძენია. ვიყავი „მაჟესა“ და „სანდროში“, ასეთ მაღაზიებში შევიძინე ნივთები. უფრო მაღალი ბრენდები არ შემიძენია, არც იყო ამის საშუალება და სიმართლე გითხრა, გულიც არ დამწყვეტია. თუმცა „შანელს“ ულამაზესი ნაძვის ხე ჰქონდა აწყობილი და ეს უნდა აღვნიშნო. ზოგადად, ესთეტიკა ძალიან მიყვარს – საახალწლო მორთულობა იქნება ეს თუ სუფრის აქსესუარები, ჩემ გარშემო ყველაფერი ლამაზი უნდა იყოს.

ნინო, ამ მოგზაურობაში თქვენი სასიძო არ ყოფილა?

არა, ჯერემის სწავლა დაეწყო, გამოცდები აქვს ჩასაბარებელი, ვერ ჩამოვიდა.

გიორგი იცნობს მას პირადად?

არა, მხოლოდ ონლაინ იცნობს. ჯერჯერობით მათი შეხვედრა ვერ შედგა, თუმცა სუნამოს თაობაზე კიდევ ვარ ჩასასვლელი პარიზში და იმედი მაქვს, იქ გაიცნობენ ერთმანეთს.

პარიზულმა სტილმა ისე შთაგაგონა, რომ თმის შეჭრა გადაგიწყვეტია…

ერთი საღამო გავაკეთე მონმარტრზე. სხვათა შორის, პირველად ვიყავი საკრე-კიორის ტაძარში, რადგან სულ იმდენი ხალხია, ვერასდროს შევედი შიგნით. მთელი დღე მონმარტრზე გავატარე. მერე ერთ ძველ რესტორანში ვივახშმეთ. რატომღაც იმ დღეს გრძელი თმა არ მომეწონა და პარიზულ სტილს ვერ მივუსადაგე (იღიმის). თბილისში დავბრუნდი თუ არა, პირდაპირ გავვარდი და შევიჭერი ფრანგული კარე პარიზული შთაგონებით. სტილს როცა ვეხებით, არ მიყვარს ერთფეროვნება. ხან მოკლე თმა მაქვს, ხან გრძელი, მაგრამ ბოლო პერიოდში რატომღაც ცვლილების შემეშინდა. იმდენად დიდი შთაბეჭდილებით ჩამოვედი, აღარ მიფიქრია ბევრი და პირდაპირ შევიჭერი.

ინსპირაციას ხშირად იღებ მოგზაურობებიდან?

წინა წელს ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე, მაგრამ პარიზი მაინც ყველაზე დიდ შთაგონებას მაძლევს. ჩვენთვის ხომ მთავარია, ვიყოთ ის, ვინც შინაგანად ვართ. ეტყობა, რაღაც შინაგან იმპულსებს მიღვიძებს. რომ არა თბილისი, აუცილებლად ვიცხოვრებდი პარიზში…ზოგადად, პარიზში არის ადგილები, მაგალითად, სასტუმრო „კოსტის“ ლაუნჯი, „ლაფაიეტი“, სადაც, როცა ჩავალ, გამორიცხულია, არ მივიდე. ისეთ დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რომ აუცილებლად უნდა მივიდე. „ლაფაიეტში“ ადრე ტან საცმელს ვათვალიერებდი, ახლა ყველა სუნამოს შეფუთვით ვინტერესდებოდი. მერე ერთმანეთს ვეუბნებოდით, არა, ჩვენი ყველას ჯობიაო (იღიმის). გული დამწყდა, რომ რადგან საახალწლო პერიოდი ჩავედით, დაკეტილი იყო ოფისი, სადაც სუნამო შევუკვეთე. პარიზში ისევ დაბრუნდები უკვე საქმიანი ვიზიტით, ჩემს სუნამოსთან დაკავშირებით…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g